პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2022 წლის 28 ივნისს თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში, ერთ-ერთი არასრულწლოვანის დაბადების დღის აღნიშვნის დროს, მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა. დღეს მისი გარდაცვალებიდან, 40 დღე გავიდა.
მირიანის ბებია, მერი კუკავა, რომელსაც მირიანი მერი დედას ეძახდა, მისი ცხოვრების დეტალებს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
„ბებიის - მერი დედას წერილი მირიანს:
მირიან, ჩემო ბიჭო, ჩემო თვალის ნათელო, არ გამიბრაზდე მოხუც ბებიას, შენზე რომ მინდა დავწერო სახალხოდ, მაგრამ უნდა მოვასწრო ამოთქმა, თუ რა ბიჭი დადიოდი დედამიწაზე, რა ბიჭი ალამაზებდი ამ სამყაროს, ღვარძლით სავსეს, გაბოროტებულ, დაუნდობელ, რომ „სიყვარული ატრიალებს დედამიწას“ და შენნაირი ბიჭების გამეტებით სამყაროს იმეტებენ არაკაცები.
შენი მოვლინება ამ ქვეყანაზე საოცრება იყო, რადგან შენს დედიკოს ისეთი სამედიცინო პრობლემები ჰქონდა, ლოგიკას აცდენილი იყო შენი ჩასახვა.
ასე მოხვედი ამ ქვეყანაზე, როგორც მოულოდნელი სიხარული, და ასეთივე სიხარულად დარჩი ჩვენთვის შენი მიწიერი ცხოვრების ხანმოკლე და ხანგრძლივი 20 წელიწადი. ხანგრძლივი იმიტომ, რომ ამდენი სიყვარულის მოგროვებას და გაცემას ხშირად ნამდვილად ხანგრძლივი ცხოვრებაც არ ჰყოფნის.
პატარა რომ იყავი „პატარა უფლისწულს“ ჰგავდი - ბაჯაღლო ოქროსფერი თმებით, მოსიყვარულე, ინტერესიანი და ...დაბადებიდან კაცი.
10 წლის იყავი, მოტყუებით რომ ამოგიღეს კბილი, ძალიან გეწყინა. შესარიგებლად რომ მოვიდნენ და ბოდიში მოგიხადეს, ერთი ციცქნას, ნაწყენს, შეურიგდი, მაგრამ „კაცმა, საბოდიშოდ არ უნდა გაიხადოს საქმეო!“- გვითხარი.
ზუსტად ამ პრინციპით გააგრძელე ცხოვრება. თმები კი გაგიმუქდა, მაგრამ მაინც პატარა პრინცი იყავი, რადგან გული შენი გახდა ბაჯაღლო და ყველა ხედავდა ამას.
მეგობრების ბებიები დაგტიროდნენ, ამ მძიმე დღეებში, შვილო: ჩვენი მეგობარი იყოო, ჩვენი მომკითხავი და დამხმარეო.
„მე მიყვარს დედა, ნოდარიკო, ოთო, ქეთო“- ასე მიაწერე ახლად გარემონტებული ოთახის კედელს, უკვე დიდმა ბიჭმა, შუაში კი შენი თავი ჩახატე, ისეთი, როგორიც შენ წარმოგედგინა.
შენი ფეისბუკის ფონად შენი მშობლების ქორწინების სურათი დააყენე. მერე რა მოხდაო, იტყვის ვიღაცა, მოხდა იმიტომ, რომ ამ ასაკში ჩვენი შვილები ოჯახისადმი დამოკიდებულებას იცვლიან.
მე არ ვიცნობ ბევრ ახალგაზრდას, 19- 20 წლისას, საკუთარი ოთახის კედლებს და-ძმების და დედის სახელებით რომ მოხატავს. განა მარტო ოჯახს, ყველას სიყვარულს იტევდა შენი გული: გეამაყებოდა შენი მეგობრების ყველა წარმატება და გამორჩეულობა ....
და მერე რამდენი ყოფილან ეს მეგობრები მირიან თურმე....მირო რა მაგარია, თქვენ არ იცით, როგორი ჭკვიანია და რა მაგრად სწავლობსო, საბას ნახეთ რა ტანი აქვს, როგორი მაღალია, რა სიმპათიური და ასე გაუთავებლად.. გაუთავებლად, სანამ გაცადეს.
სიცოცხლე ყველას უყვარს, მაგრამ ყველა ვერ მატებს ფერებს ამ სამყაროს. სიხარული ყველამ ვიცით, მაგრამ ყველა ვერ გადასდებს თავის სიხარულს სხვას...
შენ კი ასეთი იყავი, ალალი გულის, გრძნობებით სავსე, სამყაროს გამფერადებელი, მოუსვენარი, დაუდგომელი, მუდამ ახლის მაძიებელი, შენი მეგობარი გოგოების დამცველი, უსამართლობის და ჩაგვრის არ შემგუებელი....მზის სხივივით ბიჭი იყავი შვილო.
ამ ლამაზ სკვერს, რომელშიც შენ ყოველ საღამოს მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდი ჩვეული აზარტით და სიხარულით, მირიანის სახელი უნდა დავარქვათო ბიჭებმა, ჩოგბურთის ჩემპიონატები უნდა მოვაწყოთ, სკვერის კედლებზე გრაფიტები უნდა „მოვთაგოთ“, ქუჩის ხელოვანებს უნდა მოვახატინოთ, რადგან ჩვენ მირიანს უყვარდა ეს ხელოვნებაო...
ამ ქალაქის რამდენ კედელს შემორჩა შენი ნახატები მირიან, შენი წარწერები „ მირო“, „მირო“, ქალაქის კედლებს ვერ დაათვალიერებს შენი მერი დედა, რომ შემეძლოს სათითაოდ დავკოცნიდი ქალაქში დატოვებულ შენს ყველა ნაკვალევს...
მე იმ ნახატებს მოვეფერები, სახლში რაც დამრჩა. ერთი თვის წინ შენი ნახატების გამოფენა მოგიწყვეს უნივერსიტეტში, როგორ გიხაროდა...
საყვარელ ადამიანებს ჩუქნიდი შენს ნახატებს, შეინახეთ მილიონად გაიყიდებაო, იცინოდი... აწი სულ ყვავილები უნდა ვხატოოოო... ყვავილების ზღვამ გაგაცილა საფლავისკენ ბიჭო...
ყველაზე მაღალი მწვერვალების შემჭიდებელი იყავი მირიან შენი თხილამურებით... სრიალის სეზონი როდის გაიხსნებაო..ელოდი გულმოუთმენლად.
სერფინგზე ოცნებობდი და თურმე ეგ ოცნებაც აგისრულებია ბიჭო, დედაშენმა მომიყვა, თან ყველაზე დიდ ტალღას შესჭიდებიხარ და წყალქვეშ დიდხანს უტრიალებიხარ ამ ტალღას, თუმცა ბუნებამ ვერ გაგიმეტა მოსაკლავად... ადამიანმა გაგიმეტა ისევ, თუ არა ადამიანმა....
ბევრს ვარჯიშობდი -კაცმა ბრძოლა და თავდაცვა უნდა იცოდესო, თუმცა არაკაცებმა ამ გაბოროტებულ სამყაროში კაცებს აჯობეს მაინც..
ჭადრაკი უნდა ვისწავლოო - შემოვარდი, ერთი გოგო მომეწონა, ის თამაშობს და უნდა ვეთამაშოო.. იცინეს შენმა მეგობრებმა, ახლა შენ რომ ჭადრაკს გასწავლით, გგონია ის გოგო ამდენი ხანი დაგელოდებაო?...
თვითონ ისწავლე ინტერნეტიდან, მეგობრებსაც მოუგე და იმ კარგ გოგოსაც... რომ მოვუგე, გადამიყვარდაო - იცინოდი თურმე. სინამდვილეში კი შენ და სალომემ ერთმანეთი შეიყვარეთ წრფელი, მეგობრული სიყვარულით და საუკეთესო მეგობრებად დარჩით... შენს წასვლამდე
სათუთი გული გქონდა, პოეზია გიყვარდა ძალიან... არ გეთაკილებოდა ლექსის სახალხოდ წარმოთქმა, ფეისბუკზე გაზიარება... იმიტომ, რომ ალალი გულით კითხულობდი, გაუპრანჭავი, ნამდვილი გრძნობით..
ასეთი ბიჭი დაუკარგეთ სამყაროს, გესმით?!!!! ასეთი ბიჭი გაიმეტეთ მიწისთვის?! მაგრამ ოცნებებს მიწა ვერ მიეყრება, ოცნება ცაში ადის რადგან, ოცნება ფრთა ფარფატა და მსუბუქია. მირიანის კეთილი ოცნებები აქ დარჩა.
ასე მჯერა, მის ოცნებებს სხვა მზეჭაბუკები აახდენენ, მირიანისთვის, მისი და-ძმებისთვის, საკუთარი თავისთვის , ამ სამყაროსთვის, რადგან მზეჭაბუკების ახდენილ ოცნებებზე დგას ეს დედამიწა.
ყოველთვის, როცა ამ ლამაზ პარკში, ვინმე სხვა ბიჭი ასეთივე ჟინით ითამაშებს მაგიდის ჩოგბურთს, შევეცდები დარდი ჩავიკლა და ჯანსაღი, გულნათელი ბიჭების ცქერით გავიხარო; ყოველთვის როდესაც ვინმე სხვა ბიჭი დაიცავს გოგოებს და თუნდაც ბიჭებს, ნაცნობებს და უცნობებსაც, უსამართლობისგან, ძალადობისგან, ვიტყვი რომ მირიანის ოცნებაც ხდება.
ყოველთვის, როცა თამამი გულით ვინმე მოათვინიერებს ყველაზე დიდ ტალღას, ან დაეშვება თხილამურებით მიუდგომელი თოვლიანი მთებიდან, მე ვიტყვი - აი ხარობს მირიანი, ლამაზი ადამიანების ბრძოლით და წარმატებით.
ყოველთვის, როდესაც ვინმე დახატავს ყვავილებს, მირიან, მე მეცოდინება რომ შენი სულის ფერებით ფერადობენ ეს ყვავილები.
ჯერ ვერ გპირდები ამას ჩემო ბიჭო, ჯერ ჩემი ჭრილობა ცხელი შანთით იდაგება ყოველ წამიერ, მაგრამ ვიცი რომ შევძლებ, ვიცი, რომ მოვასწრებ შენთან წამოსვლამდე ყველა წესიერ, სიყვარულით სავსე, გულანთებულ, ლამაზი სულის ადამიანში შენ გიპოვო და დავიჯერო, რომ შენმა სუნთქვამ, შენმა გულმა, შენმა სიკეთემ მცირედით მაინც შეცვალა და გაალამაზა ეს სამყარო.
შენი ბებიას - მერი დედას წერილი“ - წერს კუკავა.