თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
„თარაშ ემხვარი, რომელიც მარჯანიშვილის სცენაზე ვითამაშე, სპექტაკლზე, ბ-ნი კონსტანტინე გამსახურდია, ოჯახთან ერთად მობრძანდა... „ეს ის თარაშია, რომელიც დავწერეო“ - ეს იყო, უდიდესი შეფასება.
მაშინ ახალგაზრდა, 26-27 წლის ვიყავი. თარაშ ემხვარი დარჩა ჩემთვის მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ 55 მთავარი როლი ვითამაშე თეატრში..."- მერაბ თავაძე.
დღეს, გამორჩეული ქართველი კინორეჟისორის, თეატრისა და კინოს მსახიობის, სამეფო უბნის თეატრის დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს სახალხო არტისტის მერაბ თავაძის 80 წლის იუბილეა.
პანდემიის დროს, კინორეჟისორი გურიაში გადავიდა საცხოვრებლად და დღემდე ოზურგეთში ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სოფელში ცხოვრება მოსწონს და ყველას ურჩევს, საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდეს და შეინარჩუნოს:
ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ყველას უნდა მოლოცვა, ამ დროს იძულებული ხდები, რაღაც გააკეთო. ადრე, როცა ამის საშუალება და პირობები იყო, რა თქმა უნდა, ვიკრიბებოდით და ძალიან კარგ დროს ვატარებდით.
ახლა უკვე, ყველაფერი შეზღუდულია და ამდენად, ძალიან ვიწრო წრეშიც კი არ გამოდის, ის რაც მე მინდა.
– რაც მთავარია, სურვილი გაქვთ…
რატომაც არა, ძალიან მინდა ჩემ მეგობრებთან შეხვედრა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადების დღეა, ურთიერთობა და ადამიანებთან ყოფნა მიხარია ყოველთვის, რაც მართლაც ბევრი ადამიანის პრობლემაა.
დილიდან უამრავმა ადამიანმა დამირეკა და მომილოცა, ყველას უნდა მოსვლა და პატივისცემა, მაგრამ არ არის ამის საშუალება.
– მრავალშვილიანი მამა, ბაბუა და დიდი ბაბუა ბრძანდებით…
მყავს 5 შვილი – 2 ქალიშვილი და 3 ვაჟიშვილი, 7 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. ძალიან ბევრნი ვართ და ამით უბედნიერესი ადამიანი ვარ.
– შეუძლებელია არ გავიხსენოთ თქვენი მოღვაწეობა, თუნდაც რეზიკოს როლი ფილმიდან „თოჯინები იცინიან“…
ეს ფილმი, დაახლოებით, 60 წლის წინ არის გადაღებული. ძალიან ბევრი ინტერვიუ მაქვს მიცემული და უამრავი კადრია განხილული, ამოწურულია მთლიანად, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა ადამიანს აქვს გამორჩეული წიგნი, ან სპექტაკლი, მაგრამ ეს ფილმი, ჩემთვის ძალიან საყვარელი და ამავე დროს გამოკვეთილი და ცნობილია.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს, არა მარტო როგორც მსახიობს, ასევე რეჟისორს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი თეატრია, რომელიც ჩემ მეუღლესთან, იზა გიგოშვილთან ერთად შევქმენი – სამეფო უბნის თეატრი, რომელიც ცოცხლობს და ძალიან წარმატებულია, სადაც მოღვაწეობენ ჩემი შვილები, შვილიშვილები და მათი კოლეგები.
ჩემი უფროსი ქალიშვილი მხატვარია, რომელსაც თავისი გარკვეული წრე ჰყავს. უმცროსი – სამედიცინო ინსტიტუტის მე -4 კურსის სტუდენტია.
ადამიანებთან კონტაქტების ვრცელი სფერო მაქვს, ყველასთან კეთილი და თბილი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მთავარი ერთი საკითხია – წელიწად-ნახევრის წინ, თბილისიდან წამოვედი და ოზურგეთში გადმოვედი საცხოვრებლად.
– გამოდის, რომ პანდემიის დროს დატოვეთ თბილისი…
დიახ, რაც ეს პანდემია დაიწყო, ჩემ მეუღლესთან ერთად ჩამოვედი. ამ ეტაპზე, ჩემი ქალიშვილიც აქ არის. გურიაში არის სოფელი ნატანები, რომელიც ერთ-ერთი საოცარი ადგილია, სასწაული ბუნებაა.
– თბილისელების დიდი ნაწილი გაექცა პანდემიას და სოფელს შეაფარა თავი…
ძალიან კარგი კარ-მიდამოა ჩემთან, საოცარი ის არის, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სოფელში ასეთი კეთილი, ჭკვიანი ხალხი არსებობდა. მათთან ყოფნა, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ამას ემატება, გურულების საოცარი იუმორი.
– ცნობილია, რომ გურული ბრძანდებით – ეს თქვენი სოფელია?
ჩემი სოფელი ოზურგეთთან არის – ძვაბზუ. მე აქ დავსახლდი, რადგან ძალიან კარგი ბუნებაა და თან ზღვასთან ახლოს არის. რაც მთავარია, საოცარი ხალხი ცხოვრობს.
– როგორც ჩანს, სრულიად შეცვალეთ ცხოვრების სტილი…
პანდემიამ ყველა შეცვალა და მათ შორის მეც შემიცვალა ცხოვრების სტილი. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ყველაფერი საუკეთესოდ არის. ძალიან მინდა, ყველამ დაინახოს, რომ სოფელში ცხოვრება მით უმეტეს ჩემ ასაკში, სწორი გადაწყვეტილებაა.
სიცოცხლე მიდის, ვცხოვრობ, ვარსებობ, ვმუშაობ, ვწერ. ძალიან საინტერესოა, როცა ურთიერთობა გაქვს ცხოველებთან, ფრინველებთან, ადრე რაც არ ვიცოდი, უფრო ახლოს მივედი მათთან.
ძალიან კარგი ყოფილა თურმე, სოფელში ცხოვრება. ყველას ვურჩევდი რომ თავის მიწა-წყალს დაუბრუნდეს და შეინარჩუნოს. ვისაც არ აქვს, ვურჩევ შეიძინოს.
– ამას ამბობთ ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს დიდი ნაწილი, ფეხით იმოგზაურეთ…
ბევრი მიმოგზაურია, თბილისიდან იერუსალიმში ფეხით ვარ ჩასული, მაგრამ სულ სხვაა შენი მიწა-წყალი, ცხოვრებასაც სხვა თვალით ვუყურებ.
რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრში შესრულებული აქვს ათობით როლი, ასევე არაერთ გახმაურებულ ქართულ და უცხოურ ფილმში.
მის მიერ გადაღებული ფილმებია: „ოკეანე“, „უფსკრული“, „მე დავბრუნდები“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ხვეული კიბით“. მისი ფილმები არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალისა და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია.
გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი.
„პრაიმტაიმი“ ულოცავს ბ-ნ მერაბს დაბადების დღეს, ჯანმრთელობასა და მრავალ შემოქმედებით გამარჯვებას უსურვებს!