„ამან ძალიან დიდი დაღი დამასვა...“ - ხატია დიაკონიძის უმძიმესი პირადი ტრაგედია, რომელზეც პირველად ალაპარაკდა

ხატია დიაკონიძე

22 ოქტომბერს „პრაიმ ჰაუსი“ ხატია დიაკონიძემ დატოვა. ფიტნეს ტრენერმა მაყურებელს თავი განსაკუთრებით, საბა უგრეხელიძესთან დაპირისპირებით დაამახსოვრა. სწორედ მათი მწვავე კამათისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ საბა უგრეხელიძე სახლიდან დისკვალიფიკაციით გაუშვეს.

„პრაიმტაიმი“ ხატიას დაუკავშირდა.

ხატია დიაკონიძე: პროექტი დავტოვე ჟიურის გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, იმ წუთშივე ჩვეულებრივ მოვლენად მივიღე, ეს არის თამაში, შეიძლება, დღეს მე, ხვალ სხვამ დატოვოს, ყოველ კვირას ვიღაც ტოვებს.

შესაბამისად, ვიცოდი, რომ ოდესღაც მეც მომიწევდა. დავბრუნდი სახლში, ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვეულ რიტმზე გადმოწყობა არ გამჭირვებია. ჯერ სამსახურში არ გავსულვარ, მაგრამ ვისვენებ და უკვე 1 კვირაში, ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები., რაც ძალიან მენატრებოდა. დავუბრუნდები ჩემს მოსწავლეებს, ფიტნეს დარბაზს და ამ საქმიანობას თავიდან ბოლომდე ჩემკენ მოვმართავ.  საკუთარ სხეულსა და გონებას ჯერ ვასვენებ.

- პროექტის დატოვების შემდეგ თუ უყურებთ ლაივ სტიმებს?

- გუშინ ვუყურე, ვნახე კადრები, რაღაც ფაქტები მოხდა და დამაინტერესდა.  მთელი დღე რომ ვიჯდე და ვუყურო, ასე ნამდვილად არ არის. ვისვენებ, ენერგიების აღდგენა მინდა. სამსახურში ფიზიკური დატვირთვა მელოდება და მინდა, ჩემი გონება და სხეული მოვაძლიერო.

- ახლა ვის უგულშემატკივრებ?

- ყველა ჩვენი მონაწილე მიყვარს, მართლა. ვიცი, რომ გულით კარგი ადამიანები არიან. სალომეს ძალიან ვგულშემატკივრობ, ის ჩემი ოთახის მეგობარი იყო და ერთად გვეძინა. ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანია. ასევე, მინდა, რომ ძალიან შორს გავიდეს ნოდო, რომელიც უკარგესი ადამიანია. ბაგირა... არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ვინ იქნება ბოლოს ფინალში, ამის თქმა ძალიან მიჭირს, მაგრამ მინდა, ვინც იმსახურებს, ისეთი ადამიანები მოხვდნენ.

- პირად ცხოვრებაზე ღიად საუბრობ, ლაივზეც წარადგინე საყვარელი ადამიანი. რამდენი ხანია ერთად ხართ?

- მე და ჩემი საყვარელი ადამიანი უკვე, 2 წელზე მეტია, რაც ერთად ვართ. დიდი ხანია, რაც ვიცნობ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მან ძალიან დიდი სიყვარული გამოამჟღავნა ჩემ მიმართ ამ ბოლო პერიოდში. არ ვიცი, გვერდით რომ არ მყოლოდა, როგორ ვიქნებოდი. მაძლევს ყველაფრის ძალას, ენერგიას, მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო გასამხნევებელი და მას სჭირდებოდა გვერდით დგომა. ვფიქრობ, იმდენად დიდი ვაჟკაცობა და სიძლიერე გამოიჩინა ყველაფრის მიმართ, რომ არ ვიცი, ცხოვრებაში რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ ამ ადამიანს ეს სიყვარული უკან დავუბრუნო და ასეთივე სიყვარული ვაგრძნობინო.

ძალიან მინდა, დიდხანს ვიცხოვროთ, დიდხანს ვიყოთ ერთად, ბევრი შვილი გვყავდეს და ჩვენი მომავალი ფერადი, ტკბილი და გემრიელი იყოს. 

- საერთო საქმეც ხომ არ გაკავშირებთ?

- არა, როგორც იცით, ფიტნეს ტრენერი ვარ და მას ვარჯიშთან არანაირი შეხება ჰქონია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა ჩვენს ურთიერთობაში, რომ ურთიერთობის დაწყების შემდეგ, მისთვის ძალიან საინტერესო გახდა ეს სფერო, დაიწყო ვარჯიში, საკუთარ თავზე სხვანაირად ზრუნვა. ალბათ, ჩემზე პირველი გარბის ხოლმე დარბაზში და როცა ვერ მიდის, გაცდენაზე ნერვიულობს.

- ხატია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგეთ საყვარელი ადამიანი, გარდაგეცვალათ მეუღლე...

- მიხარია, რომ ამ თემაზე საუბრის საშუალება მომეცა. როცა საზოგადოებაში ტრიალებს რაღაც ჭორის დონეზე, ძალიან რთულია, მერე ვიღაცას გაუღვივო ნდობა და სიყვარული შენს მიმართ. 20-21 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და ის ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ასე ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი... ამან ძალიან დიდი დაღი დამასვა ცხოვრებაში და იმ მომენტში, იმ წამს მართლა ჩემი ცხოვრებაც და სიცოცხლეც დამთავრდა.

ამის შემდეგ გავიდა წლები, ნელ-ნელა, არ ვიცი როგორ, რა ძალით და ძალისხმევით, მაგრამ შევძელი ფეხზე წამოდგომა, შევძელი ამეწყო ჩემი სხეული, ჩემი გული, სული, სახე ... წამოვდექი ფეხზე. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, გავიცანი ჩემი საყვარელი ადამიანი, რომელიც ახლა გვერდით მყავს და რომლის დამსახურებაცაა ძალიან ბევრი რამ. უკვე, ძალიან ბევრი წლის შემდეგ მე გავხდი ადამიანი, ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი საქმე, რომელსაც აქვს საკუთარი პროფესია, თვითრეალიზებულია საკუთარ საქმიანობაში, დამოუკიდებელია, თავისუფალია, ჰყავს საყვარელი ადამიანი გვერდით.

ის, რომ მე დღეს ბევრი ქალისთვის ვარ ძალიან მისაბაძი, თუ გადახედავთ ჩემს Instagram-ს, პოსტებს, ჩემს თუნდაც ერთ მოსწავლეს ჰკითხავთ, ნამდვილად ყოველთვის ასე იყო - ქალებისთვის ვიყავი ძალა, მოტივაცია, ვეუბნებოდი რომ არ უნდა დაეცნენ, არ უნდა იყვნენ სუსტები, პირიქით, ყველა ქალში არის ძალა, რაც მათ ფეხზე დააყენებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვარ ის, ვინც ახლა ვარ.