66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ირაკლი საღინაძე: სერიალი რომ გაგრძელდეს, ამის მიზეზი არ ილევა. არც მოტივაცია დაგვიკარგავს და არც საზოგადოებას მოუცია მიზეზი, რომ კიდევ არ დავფიქრდეთ, არ ვიმსჯელოთ და არ დავსვათ სადისკუსიოდ დილემები, თუმცა ეს სურვილი კონკრეტულ შესაძლებლობებთან არის მიბმული. დღეს კრიტიკული მედიისთვის ძალიან რთული პერიოდია. ეკონომიკური თუ სხვა პარამეტრებით, გვაქვს პრობლემები, სარეკლამო ბაზარზე შემოსავლების მკვეთრი შემცირებაა. ამის თავისი რიგი მიზეზები აქვს, რომელმაც კულმინაციურ ფაზას მიაღწია. თავადაც ხვდებით, რომ ჩცდ საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ეს წლებია, რომ მინიმალური დანახარჯებით ვაკეთოთ ეს პროექტი.
არ გეგონოთ ვწუწუნებ, დღეს ფინანსური პრობლემის წინაშე ვართ. გვერდებიც გაჩნდა, მოდი, დავეხმაროთ ჩცდ-ს. ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენ ხალხს ფულს არ გამოვართმევთ. ვეძებთ ინვესტორებს. დღეს არ მაქვს პასუხი, როდის გაგრძელდება სერიალი. მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა სეზონის ბოლოს ყოფილა. იყო ჭორებიც... ახლა განსაკუთრებულად რთული ვითარებაა. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას.
ეს ისეთი პროექტია, რომ "დაიხურა" არ არსებობს. ისეთი სერიალია, რომლის დასასრული, კლასიკური გაგებით არ არსებობს. მუდმივად გაცოცხლებას ექვემდებარება.
თავიდან სამ სეზონზე ვფიქრობდით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც პერსონაჟებმა ამოწურეს თავი, იმდენად ღრმა გამოვიდა, არც გარემოებებმა, რომელიც ამას ემოციურად კვებავს, რომ აგერ მეთვრამეტე სეზონამდე მოვედით. პერსონაჟები იწყებენ თავისით ცხოვრებას. ხშირ შემთხვევაში რაღაც პროცესის განვითარება ავტორის ნებაზე აღარ არის. პერსონაჟის შინაგანი ლოგიკა გთავაზობს, გაწერინებს საკუთარ თავს. დინებას ვერ ცვლი. მაგალითად, ბაქარი ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელმაც საკუთარი თავის განვითარება მოითხოვა. ერთი სოფლელი მორცხვი ბიჭიდან ჩვენ ოლიგარქი მივიღეთ, რომელსაც უამრავი ამბიცია აქვს, მათ შორის ბოროტიც, კეთილიც...
სერიალი ათი წელია არსებობს, ჩვენს საზოგადოებაშიც არის ძვრები, რაღაც თვალსაზრისით უკეთესობისკენ, რაღაც თვალსაზრისით უარესობისკენ, თუმცა ჯერ სალაპარაკო ნამდვილად არ დასრულებულა...