1740223504
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე- „ტვ პირველის“ სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ „სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად, ხოლო მთავარ არგუმენტად მოყვანილ იქნა ე.წ გერმანული საექსპერტო დასკვნა“.
მისივე თქმით, ,,ექსკლუზიური“ აუდიოჩანაწერის დანაწევრებული სახით გაშვება უტყუარად ადასტურებს მის უვარგისობას ბრალდებულისათვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით. „მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ტელეკომპანია TV პირველის ეთერში 2025 წლის 22 თებერვალს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ბრალდებული ბაჩიაშვილის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ არაავთენტურ/დამონტაჟებულ აუდიოჩანაწერს და რომელიც, ბრალდებულის განმარტებით, მან შექმნა 2015 წელს, მაშინ როცა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილთან მივიდა კრედიტის სათხოვნელად.
სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული (ემსახურებოდა მხოლოდ ბრალდებულის ე.წ არგუმენტების უპირობო ჭეშმარიტებად წარმოჩენას) შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად, ხოლო მთავარ არგუმენტად მოყვანილ იქნა ე.წ გერმანული საექსპერტო დასკვნა. საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინფორმაციის მიწოდება მოხდა იმგვარად, რომ სიუჟეტის ავტორებმა ექსკლუზიურად მოიპოვეს აუდიოჩანაწერი (რაც სასაცილოა, ჩანაწერების განმახორციელებელ პირს წესით აღარ უნდა ერიდებოდეს იმის პირდაპირ აღიარება, რომ ტელევიზიასაც გაუზიარა მისი შემოქმედების ნაყოფი) და მასში ასახული შინაარსი თითქოსდა შეიცავდა აქამდე უცნობ და სენსაციურ ფაქტებს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დამონტაჟებული ჩანაწერიც კი, სიუჟეტში არასრულად, ავტორების აზრით (რადგან გაშვებული მონაკვეთებიც კი მიუთითებს დაცვის მხარის უსუსურ პოზიციაზე) ბრალდებულისათვის მისაღებ კონტექსტში გაშუქდა. ვფიქრობ, ,,ექსკლუზიური“ (სინამდვილეში, აღნიშნული ჩანაწერი დიდი ხანია უკვე, რაც ერთვის საქმეს და მხარეებისთვის ცნობილია) აუდიოჩანაწერის დანაწევრებული სახით გაშვება უტყუარად ადასტურებს მის უვარგისობას ბრალდებულისათვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით“,-წერს ადვოკატი წიქვაძე.