ტოტალიზატორები იღებენ ფსონს - ვინ გახდება რომის პაპი

პაპი ფრანცისკე

ტოტალიზატორები აგრძელებენ ფსონების დადებას იმის შესახებ, თუ ვინ იქნება შემდეგი პაპი.

პაპი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შესაძლოა, უახლოეს დღეებში თანამდებობიდან გადადგეს.

ტოტალიზატორის ფსონების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა და შანსი აქვს კარდინალ პიეტრო პაროლინის  (20%).

მას (18,2%) მოსდევს  ლუის ანტონიო ტეგლე, ფილიპინელი, რომელიც ცდილობს გახდეს პირველი პაპი აზიიდან.

რომის პაპის კანდიდატებად ტოტალიზატორები ასევე განიხილავენ: პიტერ ტურკსონს (14,3%), პიტერ ერდოს (12,5%) და ანგელოს სკოლას (11,1%).

88 წლის პაპი რომის ჯემელის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სუნთქვის გართულების რამდენიმედღიანი პრობლემის შემდეგ, პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპი ფრანცისკე თავის უახლოეს წრეს მოახლოებულ სიკვდილსა და ვატიკანის მომავალზე დარდობდა. Politico წერს, რომ პაპის თქმით, ის ფიქრობს, რომ პნევმონიას ვერ დაამარცხებს.