დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლაურა რეხვიაშვილის "ფარული კონვერტი" აუცილებლად უნდა ნახოთ. ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავმა გადაცემაში მონოსპექტაკლი დადგა. ყველა თემა თეატრალურად გაშალა და ისე საინტერესოდ მოყვა, ყურებისას, ერთ სიამოვნებას მიიღებთ.
რატომ დაარქვეს ოჯახის უფროს ქალიშვილს ლაურა? სახელის დარქმევის საოცარი ისტორია მსახიობმა "ფარულ კონვერტში" მოჰყვა.
ლაურა რეხვიაშვილი: - ალი და კვალი მამაჩემი ვარ. მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, ისეთივე წარმოსადეგი ვიქნებოდი, როგორც ის იყო. განსაკუთრებულად ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ აღნაგობაში კი არავისი მშურდა. სადაც კი გასტროლზე ვიყავი, ყველგან ყურადღებას ვიქცევდი. შინაგანი ხიბლი ზომაზე მეტი გამაჩნდა. მამაც რომ ხედავდა, დამიმსგავსა, მენდობოდა, უნდოდა მისთვის არაფერი დამემალა.
მერვე კლასამდე მის მკლავზე მეძინა. ერთხელ რაღაცამ მაკითხინა, მამა, ირგვლივ ყველას ქართული სახელი ჰქვია და მე ლაურა რატომ ვარ-მეთქი?
ამ ისტორიაზე ფილმის გადაღება შეიძლება.
მამა მეორე მსოფლიო ომის მებრძოლი იყო. მე რომ ვომობდი,ბუდაპეშტამდე მივაღწიეო, ამბობდა. იყო დაზვერვაში. ხვალ შეიძლება იერიშზე გადმოვიდნენო, მოსულა ხმა. ამიტომ მამას სხვებთან ერთად საზღვრიდან ინფორმაცია უნდა გადმოეტანა. სასაზღვრო მავთულხლართებზე ცხრა კაცი უნდა გადასულიყო. ეს გადასვლა კი 99 პროცენტით სიკვდილს ნიშნავდა. არ გადასვლა კი იმის გამოცხადება იყო, დავალებას არ ვასრულებ და მესროლეთო!
მოკლედ, გადავიდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. იმ დღესვე მივიდა სტალინის ბრძანება, როგორც მოღალატე, ყველა დახვრიტეთო. დანომრეს ყველა, მათ შორის - მამაც.
თურმე დახვრეტის წინ, სიკვდილმისჯილებს უსინჯავდნენ ტემპერატურას. სიცხიანს არ ხვრეტდნენ. დღემდე არ ვიცი, რატომ. და ფრონტის ექიმმა სახელად ლაურამ, მამას "დაუფიქსირა" სიცხე. მამა მიყვებოდა, არც თავი მტკიოდა და სიცხეც არ მქონდა, მაგრამ ამ ქალმა თერმომეტრზე სიცხე დააფიქსირა და ღამით გამაპარაო. ისეთი გასასვლელებით გაუყვანია, იქ კაციშვილ ადამიანს რომ არ გაუვლია. სიმინდის ყანებით უვლიათ. შრიალებდა სიმინდის ფოთლები და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე, მეგონა მესროდნენო. მერე ამ ლაურამ მამა სადღაც სარდაფში ჩაკეტა. იქ ყოფილა რამდენიმე დღე. ამ ექიმს კი ამხელა გარისკული ნაბიჯის გამო გული გასკდომია...
მამა მალულად მოიპარებოდა სამშობლოსკენ. მშობლებმა არც კი იცოდნენ ცოცხალი იყო, თუ არა.
აი, ასეთი საოცარი ისტორია უძღვის ჩემს სახელს. მამამ იმ ექიმის პატივსაცემად ლაურა დამარქვა.
ამიტომაც ვარ ლაურა. აბა, სხვა ვინ უნდა ვყოფილიყავი? ეს სახელი ჩემთვის ორგანულია.
მამას უნდოდა ექიმიც გამოვსულიყავი. მაგრამ ამაში ვერ გავუმართლე...