„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ლევან კბილაშვილის დედა "პრაიმტაიმთან" 21 ივნისს გარდაცვლილ შვილს იხსენებს. ბევრს ამის ძალა არ შესწევს. ქალბატონმა მელიტამ კი, მასთან საუბრით მიმახვედრა, რომ პირიქითაც შეიძლება იყოს: გარდაცვლილ შვილზე საჯაროდ საუბრით, გული მოიოხოს და დარდი წამიერად გაცრიცოს...
ახლა უკვე მოგონებებით და მომღერალი შვილის ვიდეოებით ცოცხლობს. იღებს უამრავ ზარსა და შეტყობინებას. ლევანის დათესილ სიყვარულს უბრუნებენ, უშურველად და გულმხურვალედ, როგორც ტემპერამენტიანმა, გულიანმა და ემოციურმა მუსიკოსმა თავად დათესა და გაამრავლა...
21 ივნისს მოსკოვში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ზარებს რომ არ უპასუხა, მისი ახალი ჯგუფის, "პანჯეოს" მუსიკოსები სახლში მიადგნენ... ამბავი უბედური შემთხვევის შესახებ, ელვის სისწრაფით გავრცელდა. ლევანის სახლთან ზღვა ხალხმა მოიყარა თავი. მუსიკოსის უეცარი გარდაცვალება თავზარდამცემი იყო მთელი მისი სანაცნობოსთვის.
ჩვენთან სოციალური ქსელები ლევანის ფოტოებით და ვიდეოებით აჭრელდა. განსაკუთრებული ტემბრის მქონე ჯეოსტარელი ბიჭი, ქართველ მსმენელებს მივიწყებული ჰყავდათ. მივიწყებული, ვინაიდან ის 2017 წლის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სამ თვეში ერთხელ სტუმრობდა სამშობლოს, თურმე. ჩამოდიოდა, დიდი სიყვარულით დაიმუხტებოდა და ისევ საქმის საკეთებლად უბრუნდებოდა მეზობელ ქვეყანას. როგორც დედა გვიყვება, რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან განიცდიდა და წუხდა. არ სურდა, რომ მოსკოვში ცხოვრების გამო, მასზე საქართველოში ცუდი ეთქვათ.
დაბრუნებას გეგმავდა, თურმე. ჰქონდა საყვარელი საქმის საკეთებელი გაწერილი გეგმა... გარდაცვალების წინა დღეს დედასთან საუბრით ვერ გაძღა. დაახლოებით ექვს საათიანი ემოციური დიალოგი, დედა-შვილმა, სხვადასხვა თემით გაწელა. ეს მოხდა ბუნებრივად და უკანასკნელად. მერე ემოციებისგან გადაღლილი ლევანი დასაძინებლად დაწვა. დედასაც მშვიდად ეძინა...
მელიტა ფურცელაძე: - იმ უბედურ, უკანასკნელ დღეს ორჯერ ვისაუბრეთ. ტელეფონი გავთიშე, კიდევ გადავურეკე და ვთხოვდი, ნუ ხტოდა ასე გამეტებით და თავდაუზოგავად სცენაზე... გული მისკდება, რამხელა ენერგიას ხარჯავ-მეთქი, ვუთხარი. ძალიან დიდხანს მესაუბრა. ალბათ, დაახლოებით ექვსი საათი ვილაპარაკეთ, სხვადასხვა თემაზე.
უხაროდა, რომ გორან ბრეგოვიჩთან ერთად საქართველოში უნდა ემღერა, დუეტი უნდა გაეკეთებინათ. სოლო კონცერტზეც ფიქრობდა. ახალი ალბომის პრეზენტაციაზე ფიქრობდა. იმდენი გავაკეთე, იმდენს მივაღწიე, ჰამლეტ გონაშვილი ხომ გახსოვსო, მკითხა. მინდა, ჩემი სიმღერებიც ასე დარჩესო. ხომ არ გადაირიე, რას ლაპარაკობ-მეთქი, დაბნეულმა ვკითხე. როცა იქნება, ჩემი ქართულად ნამღერი ხომ დარჩებაო... რომ ვემშვიდობებოდი, ბოლოს მითხრა, ჩემს გიტარისტთან წავალო, ალბომის თემაზე სამუშაოდ.
გვიან აღარ დამირეკავს, დაისვენოს-მეთქი, ვფიქრობდი. მისი ძმისთვის ღამის სამ საათზე მიუწერია, ვიდეოები გამოუგზავნია. და ამ სიხარულით და ემოციებით დაიძინა და... წავიდა ისე, რომ ვერ გაიგო, რა დაემართა...
როცა ზარზე არ მპასუხობდა, ვწერდი. მაინცდამაინც იმ დღეს ვიყავი მშვიდად! დავურეკე და არ მიპასუხა. არ ავღელვებულვარ. ვიფიქრე, დაისვენებს და ცოტა მოგვიანებით დამირეკავს-მეთქი.
იმ უბედურ დღემდე, ორი დღით ადრე, ლევანმა მონაწილეობა მიიღო რუსულ ფესტივალში - "ველური პიტნა". ძალიან პრესტიჟულია, არადა, რა ვქნა, იქ რომ ახლა ვიმღერო, ჩემზე არაფერი ცუდი არ დაწერონ საქართველოშიო, დარდობდა. არც ერთ შემთხვევაში-მეთქი, ვუთხარი. ადექი და წადი ამ ფესტივალზე-მეთქი. ნეტა უარი მეთქვა და არ წასულიყო, არ გამეშვა... იმ ფესტივალზე იმდენად დაიხარჯა, ემოციურად თუ ფიზიკურად ისე გადაიტვირთა, ვფიქრობ, ამან იმოქმედა. როგორც ჩანს, იქ ვერ იყო კარგად. სცენაზე ისეთი ენერგიით გამოვიდა, ორგანიზმი გადაეტვირთა.
გარდაცვალების წინა დღეს, ალბათ, ექვსი საათი ვისაუბრეთ. ტულის ოლქში დიდ ტრიალ მინდორზე ჩატარებულა ეს ფესტივალი. 70 ათასი კაცი დაესწრო, სულ სოლიდური ხალხიო, მეუბნებოდა. თურმე მერე ლევანიკოს წერდნენ, გვინდოდა შენი გადაღება, მაგრამ ვერ გიღებდით, რადგან შენს ნამღერზე ვცეკვავდით და შენთან ერთად ვმღეროდითო.
არასწორი ინფორმაციები გაჟღერდა მისი გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, რომ თითქოს ძვლის სიმსივნე ჰქონდა. ან თრომბმა იმსხვერპლა... გარდაცვალების მიზეზი სულ სხვა რამ იყო.
კოვიდის შემდეგ ფეხი მტკივაო, დაიჩივლა. მოსკოვში სურათი გადაიღო. აღმოჩნდა, რომ მენჯის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციის აუცილებლობა იყო. თუ ანთებითი პროცესი ჩაქრებოდა, სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შემდეგ, ოპერაციის აუცილებლობა აღარ იქნებოდა. რუსეთში სულ სხვა კლიმატია. იქ სხვადასხვა ქალაქებში რომ დადიოდა კონცერტებზე, ფეხი აწუხებდა. საქართველოში ახლა რომ იყო ჩამოსული, არ მტკივა, ამბობდა. ყავარჯნით დადიოდა. მოსკოვში ახლახანაც გადაიღო სურათი. ჩვენც გამოგვიგზავნა, აქაც გადავამოწმეთ ექიმებთან. უთხრეს, რომ პროცესი შორს არ იყო წასული. ივლისის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყო და ყველანაირი ანალიზი ხელახლა გაეკეთებინა.
მე ჩემ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ გამოგვეპარა და თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადავაღებინე. მაგრამ თავის ტკივილი არ ჰქონია, არასდროს აწუხებდა და ახლაც რომ ჩამოვიდოდა, ტომოგრაფიას არ გავაკეთებინებდი...
მოკლედ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია, რაც ანევრიზმისგან არის გამოწვეული.
უბედნიერესი იყო იმ ფესტივალზე გამოსვლით. მისი ვიდეოები რომ ვნახე, ვუსაყვედურე, ასე რომ ხტი და ამდენ ენერგიას ხარჯავ, ფეხი რომ გტკივა, ცოტა თავი შეიკავე-მეთქი. რას ამბობო, მითხრა, ისეთი წარმატება და აღიარება მაქვს, აბსოლუტურად აღარაფერი აღარ მინდაო.
თბილისში უკვე სამსახურიც ჰქონდა, ალბომზე მუშაობის დასრულებას ელოდებოდა. უკვე საქართველოში ჩამოსვლაზე და დამკვიდრებაზე ფიქრობდა. ბოლო კონცერტი ვერ გავაუქმეო, მითხრა და თან აყოლებდა, მეტი რაღა გავაკეთო, მთელი კონცერტის მანძილზე საქართველოს დროშა მეჭირა და ვაფრიალებდიო... ქართულ საქმეს ვაკეთებ მოსკოვშიო, ამაყობდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ დიასპორასთან. შუა მოსკოვში მღეროდა - "ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანაო"... ყველას ქართულად ვამღერებო. დიდი აღიარება მაქვს და ბედნიერი ვარო. ასეთი იყო მისი უკანასკნელი განწყობა.
ყველას გული დასწყვიტა, ყველა განიცდის ლევანიკოს წასვლას.
საშინლად განიცდის ლუბა უსპენსკაია. მან დიდად დააფასა ლევანი. ლევანის გადმოსვენების საკითხი ლუბამ ითავა. ბევრი ცნობილი და არა ცნობილი ქართველი, მათ შორის, დიასპორის ხელმძღვანელი მივიდა ლევანთან იმ უბედურ დღეს სახლში. თურმე, ლუბამ არავის არ დააცადა, თვითონ იზრუნა გადმოსვენებაზე. ტაძარში მიიყვანეს, პანაშვიდი გადაუხადეს, გამოემშვიდობნენ და ტაშით გამოაცილეს... ვინ არ მირეკავს, უცხო ადამიანები მეხმიანებიან... მიყვებიან, როგორ დაემშვიდობნენ ლევანიკოს. ბევრს არ ღირსებია ისეთი დატირება და პატივის მიგება, რაც თქვენს შვილს ჰქონდაო.
ლუბა ხშირად მირეკავს. თუკი რამე მესიჯი და ჩანაწერი აქვს ლევანიკოსგან, მიგზავნის. მიყვება, ტაძარში რომ მივედი უკონტროლო გავხდიო. დედა არ ახსოვს, რომ დაიბადა, იმ დროს გარდაცვლილა და მითხრა, მამა რომ გარდამეცვალა, მაშინ არ მქონია ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორც ლევანის გარდაცვალებაზეო. გადავდე ყველაფერი, ფიზიკურად არ შემიძლიაო და სადღაც წავიდა დასასვენებლად. ქალიშვილთან ერთად 40-ზე ჩამოსვლას გეგმავს.
- მოსკოვში როგორ აღმოჩნდა? იქაურ კარიერასა და წარმატებაზე მოგვიყევით.
- პირველად 2017 წელს, რუსულ ვოისში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა მოსკოვში. თუმცა იმ წელს 20 ათასი მონაწილის გამო, ბრმა ქასთინგამდე ვერ მიაღწია. მომდევნო წელს უკვე კონსტანტინე მელაძემ აიყვანა ვოისის ბრმა ქასთინგზე. იქიდანვე დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იქ გაიცნეს და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ოჯახში ლევანის მოსკოვში წასვლის წინააღმდეგი იყო ყველა. მხოლოდ მე ვიყავი მომხრე. იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ჩემს ქმარ-შვილს ვეუბნებოდი, გაანებეთ ლევანს თავი, არ უნდა ეს პოლიცია, სიმღერის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს, გაუშვით, წავიდეს და გააკეთოს რისი გაკეთებაც უნდა-მეთქი.
ერთი პატარა ჩანთით წავიდა...
ჰქონდა პროექტები, უნდოდა რაღაც განსხვავებული გაეკეთებინა. უფრო კონკრეტულად კი ქართული სიმღერებით წარმდგარიყო იქაური აუდიტორიის წინაშე. ჰქონდა დაბრკოლებებიც. თუმცა გააკეთა პატარა ჯგუფი.
რუსეთში რომ მიდიოდა მაშინ პატრიარქმა დალოცა და ჯვარი აჩუქა. გახარებული დადიოდა მთელი ღამე მანქანით. უბედნიერესი იყო. მამა შალვა კეკელია იყო მისი მოძღვარი. ურეკავდა, რჩევებს ეკითხებოდა...
ერთხელაც ლუბა უსპენსკაიას დაბადების დღეზე აღმოჩნდა. საერთო ნაცნობებმა ლევანი თავისი ბენდით იუბილარ მომღერალთან მიიყვანეს. ლევანიკომ იმღერა და მოულოდნელად, წასასვლელად გამზადებული, უკან მიაბრუნეს, ლუბას თქვენი ნამღერი მოეწონა და კიდევ უნდა იმღეროთო. რესტორნის ეზოში გასული ბიჭები უკან შებრუნდნენ და სტუმრების აღფრთოვანება გააგრძელეს. იმ დღიდან მოყოლებული ლუბას ფავორიტად იქცა. თანამშრომლობდნენ, დიდ კონცერტებზე ერთად გამოდიოდნენ. თუმცა ამბობდა, ეს ჩემი არ არის, მინდა დამოუკიდებლად მოღვაწეობაო.
მერე პანდემია იყო. გასტროლებზე კოვიდი შეეყარა და ერთი თვე ცუდად ყოფილა. ოღონდ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. დღეში რამდენჯერმე კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვიდეოთი არა, ამიტომაც ვერ წარმომედგინა, რომ საუბრებისას ცუდად იყო. არ იმჩნევდა.
პანდემიის დრო ყველაფერი რომ ჩაიკეტა, აქაც ვერ ჩამოვიდა. ფაქტობრივად, სულ მარტო იყო. იმ დროს ხატვა დაიწყო. არასოდეს არაფერი დაუხატავს. რომ მითხრა, ხატვა დავიწყეო, გავეხუმრე, რომელი ფიროსმანი შენ ხარ-მეთქი. და რომ გამომიგზავნა ნახატები, გაოცებული დავრჩით.
პანდემიის დროს შეკრა ახალი მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც სახელად "პანჯეო" დაარქვა. საკმაოდ სერიოზული მუშაობა დასჭირდა, რომ ქართული ეთნომუსიკის მიმდინარეობის შემოქმედება გაეკეთებინათ. მთელი სული და გული ჩადო და შარშან, 6 მაისს პირველი სოლო კონცერტი ჩაატარეს. საკმაოდ დიდი გამოხმაურება და აღიარება მოჰყვა.
ლევანიკო სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ქართულ სიმღერებს მღეროდა. გამოდიოდნენ დიდ, ხუთას-ათასკაციან კლუბებში. წამოვიდა კონცერტების შემოთავაზებები. ეს ბიჭი სულ ქართულად მღეროდა, მღეროდა და თან საქართველოს დროშას აფრიალებდა.
რახან თავისი ეთნოჯგუფით დიდი აღიარება მოიპოვა, ალბომზე მუშაობაც დაიწყო. ფაქტობრივად, დასრულებული ჰქონდა.
დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში ჩამოვიდა. თებერვლის ბოლოს დაბრუნდა მოსკოვში. მერე მარტში თავის მუსიკოსებთან ერთად დაბრუდა, ისევ წავიდა. რამდენჯერმე წავიდა და წამოვიდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ძალიან ნერვიულობდა, კონცერტები გააუქმა. ღელავდა, არ უნდოდა, რომ რახან რუსეთში იყო, ცუდი ეთქვათ მასზე საქართველოში. დანის პირზე გადიოდა, ორ ცეცხლს შუა იწვოდა, რომ არაფერი აუგი არ დასცდენოდა ვინმეს. სულ ამას ნერვიულობდა, გავგიჟები ჩემზე რომ რამე თქვანო. მივყარო ყველაფერი და ჩამოვიდეო? - მეკითხებოდა. როგორ წამოვიდე ამდენი შრომა და წვალება მაქვს ჩადებულიო. აქ საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის - "გერას" წევრი გახდა. ალბომს საქართველოში დავამთავრებო, გეგმავდა.
ყველას ქართულ სიმღერას ასმენინებდა, ქართულად ამღერებდა რუსებს. მე ყველა მიყვარს, ვისაც ჩემი შვილი უყვარდა.
ალბათ, რახან რუსეთში იყო, ამიტომ არ ადევნებდნენ ლევანის კარიერას თვალს. ფაქტია, აქ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მასზე წერა და მისი აღიარება. მანამდე მის წარმატებას და გამოსვლებს, ამ დოზით, სოციალურ ქსელებში არ აზიარებდნენ. აქ ლევანს არ ცნობდნენ, რუსეთში კი ძალიან ცნობილი იყო. პატივს სცემდნენ და შეძლებისდაგვარად გვერდში ედგნენ.
12 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა. 31 წლის გახდა. აქ უნდა გადაგიხადოთო, მოსკოვიდან დაურეკეს და ჩაიყვანეს. 150 კაციანი სუფრა გაუშალეს. დაუვიწყარი დაბადების დღე გადაუხადეს...
ბოლო ხუთი წელი, რაც მოსკოვში იყო, დღე მასთან საუბრით იწყებოდა და ღამდებოდა. დილის საქმეებს რომ მოვრჩებოდი, უნდა დამერეკა. დღე არ ჩაგვიგდია. მიყვებოდა ყველაფერს, რასაც საქმიანობდა და გეგმავდა. აზრს მეკითხებოდა. ბოლომდე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იმდენად კეთილსინდისიერი იყო, როგორც შვიდი წლის ასაკში დამყავდა ხელჩაკიდებული სტუდიაში, ისე სტუდენტობის დროსაც, ერთად ხელკავით დავდიოდით და შემდეგ ყველა საკონცერტო თუ "ჯეოსტარის" რეპეტიციაზე. ერთხელაც არ უთქვამს, დე, გეხვეწები, ამხელა ბიჭი ვარ და ხომ არ შეიძლება სულ ასე დამყვებოდეო. მე ვიყავი მისი პირველი შემფასებელი.
სამი-ოთხი წლიდან სულ მღეროდა. შვიდი წლის იყო რობერტ ბარძიმაშვილთან რომ მივიყვანე. მაესტრომ მოუსმინა და მითხრა, ისეთი ხმა აქვს, ხალხურ სიმღერას ყოველთვის იმღერებს, მოდი, მე დამიტოვეო. სტუდია "ლახტში" ამღერებდა. ამ ბიჭში ჩემს სულს ვხედავო, რობერტის ნათქვამს მოგვიანებითაც იხსენებდა მისი მეუღლე, ვანდა.
მღეროდა გიორგი უშიკიშვილთან "ლაშარელაში". ნატო გელაშვილთან ერთად იმღერა 12 წლის ასაკში. "ჯეოსტარის" შემდეგ ტრიო "თბილისში" მღეროდა.
ლევანი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო სერბ რეჟისორ ემირ კუსტურიცასთან და ბოსნიელ მუსიკოს გორან ბრეგოვიჩთან. მათაც უყვარდათ ლევანი. ყოველი წლის სექტემბერში პეტერბურგში ბრეგოვიჩის ეთნომუსიკის ფესტივალი ტარდება. პირველ წელს ლევანი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული და სცენაზე ბრეგოვიჩთან ერთად გამოვიდა.
მერე მიყვებოდა, სცენიდან არ გავიდა გორანი, ბოლომდე მისმენდაო. იქიდან დაიწყო მათი ურთიერთობა. შარშან მოსკოვში კუსტურიცა იყო ჩასული, კონცერტზე. ლევანი სერბეთში, თავის პატარა სოფელში დაუპატიჟია. იქ მსოფლიო კონორეჟისორების შეკრებას აწყობს თურმე. შარშან კოვიდის გამო, ეს შეკრება არ ჩატარდა და წელს ელოდა. ლევანს ჰპირდებოდა, აუცილებლად ჩამოდი ჩემთან, რეჟისორებს უნდა გავაცნო შენი თავიო...
ბრეგოვიჩს წელს საქართველოში ჩამოსვლა ჰქონია დაგეგმილი და ლევანსაც ამ კონცერტში უნდა მიეღო მონაწილეობა. სამი წლის წინ, ბათუმში მისი კონცერტი ლევანიკომ გახსნა. ძალიან გულდაწყვეტილები არიან. კურსტურიცას და ბრეგოვიჩს ერთი დირექტორი ჰყავთ, დამირეკა ამ კაცმა, ცრემლები ახრჩობდა და იმათი სამძიმარი გადმომცა...
სერიოზულად შეყვარებული არ ყოფილა. ბოლოს ვთხოვდი, ლევან უკვე 31 წლის გახდი, დროა, ნახე ვინმე-მეთქი... ჯერ ამისთვის არ მცალიაო, ამბობდა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მე ისეთ ცოლს არ მოვიყვან ვინც იტყვის, მე ახლა წინსაფარი უნდა გავიკეთო, ბორში უნდა მოვხარშოო. ხუმრობდა...
ყველას მადლობა, ვინც ლევანს პატივი სცა, დაიტირა და გული ეტკინა. არადა, ვიცი, ზღვა ხალხია, ვისაც მართლა ეტკინა ლევანიკო.
ამ უცხო ქვეყანაში ამხელა სიყვარული, პატივისცემა, დაფასება... მოულოდნელობა იყო ჩემთვის... რუსეთიდან, სასომხეთიდან ზღვა ხალხი ჩამოვიდა, რომ პატივი მიეგოთ. დღესაც რუსეთიდან ორი სტუმარი გვყავდა, მომისამძიმრეს და საფლავზე წავიდნენ. ყოველდღე ვიღაც მიდის მის საფლავზე. აქამდე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი ასეთი იყო.
დიდი მადლობა თქვენც და ყველას, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანეთ.
არ მინდა გავითავისო, რა დაგვემართა.
აი, ასე, სიხარულით და ბედნიერი წუთებით დაიძინა და... დამთავრდა...