1730578379
2024 წლის იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა
2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულების, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესაბამისად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან პროკურატურის თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურობის დანამატი 2%-ით იზრდება.
კერძოდ, 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს - 7%, 10-დან 20 წლამდე - 12%, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას - 17% განისაზღვრა.
პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში 2023 წლამდე არ მოქმედებდა.
პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.