სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

ᲡᲐᲡᲐᲖᲦᲕᲠᲝ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲘᲡ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝᲓ, ᲒᲐᲓᲐᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲖᲔ ᲣᲪᲮᲝ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ 3 ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲐ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - 1982 წ. დაბადებული რ.ი, 1977 წ. დაბადებული მ.თ. და არასრუწლოვანი, 2006 წ. დაბადებული ე.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.