პედოფილიის შემზარავი შემთხვევა, რომელზეც მსხვერპლმა დუმილი ახლა დაარღვია

rain

"როცა მანქანის და ჩემს მოწესრიგებას შეეცადა, ნიკაპზე ხელი მომკიდა, თვალებში ჩამხედა და შემაშინებელი ხმით მითხრა: იმედია, ამ ამბავს არავის მოუყვები, თორემ მე მამაშენს ვეტყვი, რომ ძალიან, ძალიან გარყვნილი ბიჭი ხარ!" - ეს ფრაზა ნათლიას ეკუთვნის, რომელიც სექსუალური ძალადობის შემდეგ ნათლულს უთხრა. 

ფლატფორმა "დამიცავი პატარა ვარ" პედოფილიის შემთხვევის შესახებ ინკოგნიტო მსხვერპლის ისტორიას აქვეყნებს, რომელიც თავს 12 წლის ასაკში გადახდა. 

"ლადო ნათლიას ჩვენთან სტუმრობა ყოველთვის ძალიან მიხაროდა. აბა, დედას და მამას ჩემთვის არასოდეს ეცალათ და მარტო ის მასეირნებდა ხოლმე ვაკის პარკში და კუს ტბაზე. სანამ სკოლაში სიარულს დავიწყებდი, ლადო ჩვენთან საერთოდ არ მოდიოდა, არც კი ვიცნობდი.

ერთ მშვენიერ დღეს, მამამ შინ მოიყვანა (მისი მეჯვარე იყო), კარგად იქეიფეს, დათვრნენ. მას შემდეგ, ჩვენთან სიარულს ძალიან მოუხშირა. ძალიან უყვარდა ჩემთან თამაში, ერთადერთი უფროსი იყო, რომელიც ჭადრაკსაც მეთამაშებოდა, ვიდეოთამაშებსაც, ეზოში ფეხბურთსაც, და უფრო შორსაც მასეირნებდა. მალე, ლადო ნათლია ჩემი საყვარელი ადამიანი გახდა.

დღეებს ვითვლიდი, ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. ამ დროის მანძილზე, მასში მხოლოდ ერთი რამ არ მომწონდა: რაღაცნაირი შეხება იცოდა ჩემს სხეულზე, - მომეკვრებოდა, დუნდულებს მიჭყლეტდა, ენით მეხებოდა ხოლმე. მაგრამ, მისი ეს მოძრაობები ფრაგმენტული იყო და არაშემაწუხებელი (ან უბრალოდ ასე მეგონა). გადიოდა დრო, ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ერთი სული მქონდა, როდის მომინახულებდა და სადმე წამიყვანდა.

შავი მერსედესი ჰყავდა, ამ მანქანაში ჩაჯდომა ჩემთვის დიდი სიხარული იყო. ჩემი მშობლები, როგორც კი დაინახეს, როგორ ვმეგობრობდით მე და ლადო, საერთოდ შეეშვნენ ჩემზე ზრუნვას და კვირაობით მაკდონალდსში გასეირნების ოჯახური ტრადიციაც კი მოშალეს.

ერთხელაც, ასე 11 ან 12 წლის როცა ვიქნებოდი, ლადომ შინ მომაკითხა, სასეირნოდ წაგიყვანო. როგორც წესი, სახლში მარტო ვიყავი. ნაჩქარევად ჩავიცვი და გამოვედი. რაღაცნაირად ხარბად მათვალიერებდა, მითხრა, ეს შარვალი ძალიან გიხდებაო. მისი ასეთი ყურადღება ჩემი ფიზიკური მხარის მიმართ დიდად არ მეპიტნავებოდა, მაგრამ მაინც ვითმენდი, - ჩვენი მეგობრობის სახელით. მანქანაში ჩავუჯექი.

- მთაწმინდაზე ავიდეთო? - მკითხა.

რა თქმა უნდა, დავეთანხმე. მაისი იყო, სავარაუდოდ დღის 4-5 საათი. მოქუფრული დღე იყო, მაგრამ მე არ მაინტერესებდა - მიხაროდა ყველაფერი, რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო. გზაში ძლიერმა წვიმამ დასცხო, მალე სეტყვაც წამოვიდა. მთაწმინდის გზიდან ხეებში გადავუხვიეთ, რომ სეტყვას მანქანა არ დაეზიანებინა. მსხვილი ხოშკაკალი მანქანას ისე ურაკუნებდა, რომ შემეშინდა. ნუ გეშინიაო, გადმოიწია და მომეხვია.

მე გავუძალიანდი (მართლა მეშინოდა), ის კი მეტად და მეტად მეხვეოდა. თავისკენ მიმიზიდა, ზურგზე მოფერება დამიწყო. ტუჩებში კოცნაც სცადა. შეშინებული ვიყავი და ადვილად დავმორჩილდი. თვალები დავხუჭე, მას შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს. მეხსიერებაში ჩამრჩა ფრაგმენტები: უკან გადაწეული ჩემი სკამი, ჩემი ჩაწეული საცვალი, ტკივილი და სისველე... როგორ შემოვბრუნდი ზურგით, არ მახსოვს. კიდევ ბევრი რამ არ მახსოვს იმ დღიდან.

როცა მანქანის და ჩემს მოწესრიგებას შეეცადა, ნიკაპზე ხელი მომკიდა, თვალებში ჩამხედა და შემაშინებელი ხმით მითხრა:
- იმედია, ამ ამბავს არავის მოუყვები, თორემ მე მამაშენს ვეტყვი, რომ ძალიან, ძალიან გარყვნილი ბიჭი ხარ!
თავი დავუქნიე. მუქარა საჭირო არ იყო. მასზე ისე ვიყავი მიჯაჭვული, რომ ამ პატარა ინციდენტისგან დიდი წყენა არ დამრჩენია.

"კაცმა რომ თქვას, რა მოხდა? ცოტა მომეფერა და ესაა...", - ასე ვფიქრობდი მაშინ.

როგორც კი ლადომ თავი სამშვიდობოს იგრძნო, ეს ქმედება კიდევ გაიმეორა. მერე და მერე სულ ეძებდა ჩემთან განმარტოების შემთხვევას, მე კი ამას იცით, როგორ აღვიქვამდი? - როგორც იმის გადასახადს, რომ ლადოს ჩემთან ურთიერთობა არ შეეწყვიტა, იგი არ მეწყენინებინა.

მშობლები, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდნენ. ჩვენი ურთიერთობა მანამ გაგრძელდა, სანამ გარდატეხის ასაკი არ დამეწყო. ლადო ჩემ მიმართ თანდათან გაცივდა და ჩვენთან სტუმრობაც გააიშვიათა. მალე, მან საერთოდ აიცრუა გული ჩემზე.

ვურეკავდი, ვეხვეწებოდი, მოდი-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მპასუხობდა, არ მცალია, სამსახური მაქვსო. ხან მამა მივუგზავნე, ხან - დედა, მაგრამ იგი არ დაბრუნდა. გავიდა ბევრი წელი და ამ ამბების დისტანცირებით აღქმა ახლაც არ შემიძლია.

ახლა, ბრაზი მახრჩობს, როგორ ოსტატურად მიყენებდა. მისი ნახვა მინდოდა (ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს), მაგრამ ვერ გავბედე, - აუტანელი ტრავმების შემეშინდა..." - წერს მამაკაცი. 

 

როგორ სჯიან პედოფილებს საქართველოში?

 

საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება და 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ქვეყნის მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის პირველი მოსმენაც პარლამენტში 11 ივნისს გაიმართა, ასაკობრივი ზღვრის გაზრდას გულისხმობს. ამ კანონპროექტის მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება თავისუფლების უვადო აღკვეთასაც ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სასჯელის ქვედა ზღვრის გაზრდასაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუ მოქმედი კანონმდებლობით, პედოფილს სულ ცოტა 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ცვლილებათა პაკეტის თანახმად, მინიმალური სასჯელი 9 წელი გახდება. რაც შეეხება ქიმიურ კასტრაციას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, რომ სასჯელის ეს ფორმა არცერთი საკანონმდებლო პროექტით არ განიხილება, რადგან ის ქვეყნის კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პედოფილიისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს. პერსონალური მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას შინაგან საქმეთა სამინისტრო დაამუშავებს. კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ან  მასზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში დამნაშავეს ეკრძალება ნებისმიერი საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა. მას არ ექნება უფლება მსგავსი დანიშნულების ორგანიზაციის ტერიტორიას 30 მეტრის რადიუსში მიუახლოვდეს. პედოფილებს სოციალური და სამედიცინო საქმიანობაც აეკრძალებათ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენა ჯერჯერობით ჩანიშული არ არის. 

სხვა სიახლეები