რა შემთხვევაშია დაუშვებელი ჩვენების მიცემა რა უნდა იცოდეს პირმა, თუ მოწმის სახით გამოიძახებენ

mocme

ვინ არის მოწმე, რა ფუნქცია აქვს, რა უნდა იცოდეს ან რა ვალდებულებები ეკისრება კანონმდებლობით და რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ, თუკი მოწმის სახით გამოიძახებენ, ამ და სხვა საკითხებს მოწმის სტატუსთან დაკავშირებით ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს.

სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს მოწმის ჩვენება წარმოადგენს, ხოლო თავად მოწმე სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარედ გვევლინება.

მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

მოწმედ გამოძახებულმა პირმა უნდა იცოდეს, რომ  საქმის გამოა გამოძახებული; თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, სახელმწიფოს ხარჯზე; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა; არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში გაამხელს მას ან მის ახლო ნათესავს; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

მოწმის სახით გამოძახებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით; უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს; სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

თუ მოქალაქე ნებაყოფლობით არ გამოცხადდა სასამართლოში მოწმის სტატუსით, შეიძლება, იძულებით მიიყვანონ სასამართლოში.

იურისტების განმარტებით, საინტერესოა ისიც, რომ მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება: ადვოკატს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; სასულიერო პირს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად; ბრალდებულის ახლო ნათესავს; სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს; საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს; მოსამართლეს იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა; ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს.

იურისტების განმარტებით, დაუშვებელია გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.