დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჯონი დეპსა და მის ყოფილ ცოლს, ემბერ ჰერდს შორის სასამართლო დავა გრძელდება. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოფილი წყვილი ერთმანეთს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ემბერის ადვოკატი ირწმუნება, რომ ქორწინებაში ყოფნის დროს ჯონმა ცოლს ერთ-ერთი ინციდენტისას ღამის პერანგი შემოახია, ბართან შებოჭა და ლიქიორის ბოთლით სექსუალური სახის შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავი ჰერდის ცილისწამებაში ადანაშაულებს.
როგორც ამბობენ, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სასამართლო პროცესი, დაახლოებით 6 კვირა გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში კი ჩვენებას 120-მდე მოწმე მისცემს, მათ შორის იქნება ილონ მასკიც, რომელსაც ემბერი დეპთან დაშორების შემდეგ ხვდებოდა.
ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ერთმანეთს პირველად 2011 წელს ფილმის, სახელწოდებით „რომის დღიური“ გადაღებისას შეხვდნენ. იმ პერიოდში ჯონი ფრანგ მომღერალსა და მსახიობს, ვანესა პარადის ხვდებოდა. მაგრამ მას ემბერი იმდენად მოეწონა, რომ ვანესას მალევე დაშორდა და 2015 წელს ჰერდიზე იქორწინა.
თავიდან თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, წყვილი ერთად თავს მშვენივრად გრძნობდა. თუმცა, 15 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ ემბერმა სასამართლოში განქორწინების შესახებ განაცხადი შეიტანა და ჯონი ფიზიკურად ძალადობაში დაადანაშაულა - დეპი ბრალდებებს უარყოფდა.
„ის ჩემზე სისტემატურად ძალადობდა. ერთხელ სახეში ტელეფონიც კი მესროლა. ხშირი იყო მუქარა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ამბობდა ემბერი ჩვენებაში.
სასამართლომ დეპს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და საქმეზე პროცესი ჩანიშნა. მაგრამ სასამართლო დავის დაწყებამდე წყვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა:
„ჩვენ მრავალფეროვანი, ვნებით სავსე ურთიერთობა გვქონდა.ზოგჯერ გაუთვალისწინებელი რაღაცები ხდებოდა, თუმცა ყველაფრის მიზეზი სიყვარული იყო. არასდროს მიგვიყენებია ერთმანეთისთვის ფიზიკური და ემოციური ზიანი“ ,- ეწერა ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის მიერ 2016 წელს გავრცელებულ საჯარო მიმართვაში.
განცხადების შემდეგ თითქოს წყვილს შორის სიტუაცია დამშვიდდა. განქორწინების შემდეგ ემბერმა ჯონი დეპისგან 7 მილიონი დოლარი მიიღო. როგორც ტაბლოიდები წერდნენ, ყოფილმა ცოლ-ქმარმა თავიანთი გზები იპოვა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ბრალდებების ახალი ტალღა 2018 წელს წამოვიდა. ემბერ ჰერდმა „me too“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იყო მიმართული, ვაშინგტონ პოსტში სტატია გამოაქვეყნა. მსახიობი ამბობდა, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა:
„ადრეულ ასაკშივე გამოვცადე რას ნიშნავს, როდესაც გავიწროებენ და სექსუალურად ძალადობენ შენზე. ისიც ვიცი, როგორ ექცევა საზოგადოება იმ ქალებს, რომლებიც ამ ყველაფრის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობენ. ხალხი ყოველთვის კაცებს ამართლებს. ძალიან ბევრი კომპანია უარს მეუბნებოდა, ამის გამო კინაღამ მნიშვნელოვანი როლები დავკარგე. მირეკავდნენ, მოკვლით მემუქრებოდნენ, თვეების განმავლობაში სახლს ვერ ვტოვებდი, რადგან მეშინოდა“.
მიუხედავად იმისა, რომ საუბრისას ემბერს ყოფილი ქმრის სახელი და გვარი არ უხსენებია, დეპის ადვოკატი ამბობდა, რომ ცხადი იყო - ჰერდი ამ გამოსვლით ბრალს კვლავ ჯონს სდებდა და მის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებდა. შედეგად, წყვილს შორის დავა 2019 წელს განახლდა.
საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ამჯერად ფიზიკურ ძალადობაში ემბერს ჯონი ადანაშაულებდა. მსახიობის ადვოკატმა ბრალდებების დასადასტურებლად ნივთმტკიცებად სასამართლოს აუდიოჩანაწერებიც წარუდგინა. ერთ-ერთი მათგანი ონლაინ მედიაშიც გავრცელდა. ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ ხმოვან ჩანაწერში ემბერისა და ჯონის დიალოგი ისმის:
ჯონი დეპი:
„მე არ მინდა შენი მიტოვება, არ მინდა განქორწინება, არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაგიშვა. იმიტომ რომ მიყვარხარ. მე მხოლოდ სიმშვიდე მსურს, მაგრამ თუ საქმე ფიზიკურ შეხებას ეხება, ჩვენ უნდა დავშორდეთ“,
ემბერი:
„არ შემიძლია დაგპირდე, რომ სრულყოფილი ვიქნები და ისევ ფიზიკურად არ შეგეხები. ღმერთო, ხანდახან ძალიან ვგიჟდები. მაგრამ პირობას გაძლევ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევიცვალო.“
პარალელურად მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს ძალადობის კვალი ეტყობათ.
2020 წელს ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდს სახელწოდებით „The sun”- ცილისწამებისთვის უჩივლა. მიზეზი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია იყო, რომელშიც ცნობილი მსახიობი „ცოლებზე“ მოძალადედ იყო მოხსენიებული. დეპმა ეს დავა წააგო.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯონი დეპის ყოფილები, ვანესა პარადი და უინონა რაიდერი გამოეხმაურნენ. ორივე მათგანი ამბობდა, რომ ჯონი დეპისგან ძალადობის მსხვერპლები არასდროს ყოფილან.
„ის ფაქტი, რომ ჯონი მოძალადეა სიმართლისგან ძალიან შორს დგას. ჯონი დეპი რომელსაც მე ვიცნობ,ძალიან მოსიყვარულე ადამიანია. შოკირებული ვარ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებით“,- განაცხადა რაიდერმა.
ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ წყვილს შორის წლების წინ, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაწყებული დავა დღემდე გრძელდება. პროცესი 11 აპრილს ვირჯინიის შტატში განახლდა. აეხდება თუ არა ფარდა სკანდალურ ამბავს ამჯერად და გაიგებს თუ არა საზოგადოებას სიმართლეს - ამას მოსამართლის მიერ გამოტანილი ვერდიქტი დაადგენს.