„დილით დაინახეს დანით ხელში... აქ ტრიალებდა, გაოგნებული იყო თვითონაც“ - თვითმხილველები გლდანში დატრიალებულ ტრაგედიაზე

თვითმხილველები გლდანში დატრიალებულ ტრაგედიაზე

გლდანში შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა, დაჭრილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები საუბრობენ, დანაშაული შესაძლოა ფინანსურ თემას უკავშირდებოდეს, რადგან, მათი ინფორმაციით, მამის მკვლელობისთვის დაკავებული რევაზ გამხიტაშვილი უმუშევარი იყო.

ამასთან, როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაულს ოჯახის მცირეწლოვანი წევრიც შეესწრო. სწორედ, ბრალდებულის 12 წლის დამ დარეკა 112-ში.

"არავინ არაფერი არ იცის... სახლში მოხდა და ზუსტად რა მოხდა არ იციან. ოჯახი მშვენივრად ცხოვრობდა, მშრომელი ხალხი არიან დედ-მამა და ეს ბიჭი არ ვიცი..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"[დილით დაინახეს დანით ხელში] დაარტყა და ჩამოვიდა შვილი, აქ ტრიალებდა, გაოგნებული იყო თვითონაც. 112-ში დარეკა მეორე შვილმა პატარამ, 12 წლისაა. ეს ბავშვიც შეესწრო, სახლში იყო. ძირითადად, ეს ბიჭი უმუშევარი იყო. ფხიზელი იყო. გუშინ მე ვნახე ეს გარდაცვლილიც და ეს ბიჭიც, სახლში იყვნენ ჩვეულებრივად, რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.