1738134236
„ბავშვი დააშინეს... უნებართვოდ წაიყვანეს უცხოეთში..." - მამა შვილის დასაბრუნებლად იბრძვის
40 წლის მამაკაცი „პრაიმტაიმს“ საოჯახო ფოტო ალბომს აჩვენებს. კადრები არასრულწლოვან შვილთან ერთად გატარებულ საუკეთესო მომენტებს ასახავს. მამას 8 წლის ვაჟი უკვე 5 თვეზე მეტია არ უნახავს. ამბობს, რომ ბავშვი დედამ მისი თანხმობის გარეშე ქვეყნიდან გაიყვანა და მასთან ყოველგვარი კონტაქტი შეუზღუდა.
ს.ბ გვიყვება, რომ დაშორების შემდეგ ყოფილმა ცოლმა მის მიმართ დაუსაბუთებლად ჯერ შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოითხოვა, შემდეგ კი მთელი ერთი თვის განმავლობაში ბავშვის ნახვის უფლებაც არ მისცა.
„მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. ამას რომ მიაღწია, ვცადე შვილის წამოყვანა შუამავლის მეშვეობით, კვირაში თუნდაც რამდენიმე დღე რომ შემძლებოდა ნახვა, მაგრამ ბავშვი მთელი თვით კახეთში წაიყვანა, იქ დაიტოვა. მთელი თვე ბავშვთან კომუნიკაციაც არ მქონია. ხელჩასაჭიდი რომ ვერაფერი იპოვა, ამბობდა, თითქოს მე მასზე ვძალადობდი. ამას ამბობდა დაშორებიდან 4 წლის შემდეგ. ცილს მწამებდა, ამბობდა, თითქოს ფულს ვძალავდი და სახლის გადაწვით დავემუქრე,“ - გვიყვება რესპონდენტი.
ახლა ყოფილ ცოლ-ქმარს სასამართლოში არაერთი დავა აქვს. სარჩელი თავდაპირველად დედამ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე და ალიმენტის მოთხოვნაზე შეიტანა. მოსამართლემ დედის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში ბავშვი ჩემთან მხოლოდ ორ დღეს ატარებდა. არცერთი კვირა ისე არ ყოფილა, რომ ბავშვი არ წამომეყვანა. ყოველ პარასკევს და შაბათს ჩემთან იყო. რა თქმა უნდა, სააპელაციოში გავასაჩივრე სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ბავშვიც გამოკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, სურდა ჩემთან მეტი დროის გატარება, ეს სასამართლომ არ მიიღო,“ - გვიყვება რესპონდენტი.
ს.ბ ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დედამ 8 წლის ვაჟის საზღვარგარეთ გაყვანა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სცადა. მამამ ამაზე უარი განაცხადა, თუმცა სასამართლომ დედას ბავშვთან ერთად ქვეყნის დატოვების უფლება ორი კვირით მისცა.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში დედა ბავშვს ოთახში კეტავდა და მასთან საუბრის საშუალებას არ აძლევდა.
საქმეში დევს სამხარაულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც ვკითხულობთ:
„დედასთან ერთად დიდად არაფერს ვაკეთებ. დედა კომპიუტერში მუშაობს. სკოლიდან დედამ გამომიყვანა. შევჭამ და მერე ოთახში მკეტავს. მერე ცოტა ხანში ვიძინებ. გასაღებით კეტავს კარს და ვერ გავდივარ. ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად ხდება. მარტო რომ ვარ ჩაკეტილი, მამასთან მინდა ხოლმე წასვლა. ჩემი აზრით, ოთახში ჯინაზე მკეტავს ხოლმე დედა...“
მამის ინტერვიუ:
„ბავშვი მეუბნებოდა, რომ დასჯის მიზნით დედა ოთახში ხშირად კეტავდა. კეტავდა მაშინაც, როდესაც მათთან სახლში სტუმრები მიდიოდნენ. ძალიან ცუდად ვარ მაგ დროს, ვტირი და განვიცდი. არ მაძლევდა საშუალებას, რომ ბავშვს ჩემთან დაერეკა. კომუნიკაციას ყველანაირად უზღუდავდა. ბავშვი მეუბნებოდა: „აღარ მინდა დედასთან,“ „აღარ მინდა დედაჩემთან წასვლა.“ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ბავშვი ორი კვირა ჩემთან იყო. როდესაც წასაყვანად მოვიდა, ბავშვი აღარ მიყვებოდა. უთხრა, რომ მასთან აღარ წავიდოდა. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ პოლიცია გამოიძახა. ბავშვმა ეს ყველაფერი მოყვა და დედას ბავშვის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. გამოწერილი ორდერი სასამართლოში გაასაჩივრა. ფსიქოლოგის მიკერძოებული დასკვნის საფუძველზე გამოწერილი ორდერი გააუქმეს და ბავშვის ნახვა სამი თვით ამიკრძალეს. ფსიქოლოგთან ბავშვი ამბობდა, რომ ჩემთან ყოფნა სურდა, თუმცა ფსიქოლოგმა ეს მხედველობაში არ მიიღო და დასკვნაში ჩაწერა, რომ თითქოს არასრულწლოვანი მამის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იყო.
ბავშვის ჩემგან წასაყვანად მოვიდნენ დედის მეგობრებიც: ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია. განჩინება გვაქვს, რომ ბავშვი წავიყვანოთო. ორი საათის განმავლობაში ბავშვს ეჭიდავებოდნენ, ატირეს, აწვალეს. ბავშვს წასვლა არ უნდოდა. არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბავშვს უთხრეს: თუ დედაშენს არ გაყვები, მამაშენს დაიჭერენო, დააშინეს. ბავშვი გადამეფარა. ამ პირობით გაყვა ბავშვი დედას. ფსიქოლოგები დაადასტურებენ, რომ ბავშვისთვის მსგავსი რამის თქმა არის დანაშაული. ამით ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებ ბავშვს. სასამართლოს მიერ გამოწერილი დამცავი ორდერის მიხედვით, ბავშვთან 2 თვის თავზე კომუნიკაციის საშუალება უნდა მქონოდა. თუმცა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ყველგან დამბლოკა - მეც და ჩემი ნათესავებიც. სატელეფონო კომუნიკაცია ვერ დავამყარე. 13 დეკემბერს ყველანაირი შეზღუდვა მომეხსნა. მივედი სკოლაში და ვეღარ ვნახე ბავშვი. სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ დედამ ბავშვი 9 დეკემბრიდან უცხოეთში, საშობაო არდადეგებზე წაიყვანა და 20 დეკემბერს ჩამოიყვანდა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პერიოდი იყო და არც სასამართლოს ნებართვა არ ჰქონია. თუმცა, რადგან ბავშვს პასპორტი უკვე ჰქონდა, ამ გზით მოახერხა მასთან ერთად ქვეყნის დატოვება. 23 დეკემბერს ისევ მივედი სკოლაში, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღე, სად იყო ჩემი შვილი. ვცადეთ გარკვევა, ადვოკატმაც არ გვითხრა ბავშვის ადგილსამყოფელი.“
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ დედა ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და ბავშვი ადგილობრივ სკოლაში მიიყვანა.
- გერმანიაში, კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის სკოლაში მიყვანა ან განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ორივე მშობლის თანხმობას საჭიროებს.
- იურისტები ამბობენ, რომ ჰააგის კონვენციის მიხედვით, თუ ბავშვი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ერთ-ერთმა მშობელმა ის საზღვარგარეთ მეორე მშობლის თანხმობის გარეშე გადაიყვანა, ეს შეიძლება ჩაითვალოს მშობლის მხრიდან "გატაცებად."
„სულ დავდიოდით ლაშქრობებში კარვით, არაგვზე სათევზაოდ, ველოსიპედები გვაქვს ხშირად ვსეირნობდით. ცურვა ვასწავლი, ინგლისური, უამრავი წიგნი გვაქვს ერთად წაკითხული. ყოველი წუთი ურთიერთობაში ვიყავი ჩართული, არა იმიტომ რომ ეს ჩემი მოვალეობაა. ოთხ წლამდე მე ვზრდიდი, რადგან დედას დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მე და ჩემი შვილი მეგობრები ვართ, თანასწორად ვუყურებ. ყოველთვის ვეკითხები აზრს, რა სურს მას“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
მამის ადვოკატი ჰყვება, რომ დედის მეგობრები, ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია და სხვები, პირადად მონაწილეობდნენ ბავშვის მამისგან ძალით გამოყვანის პროცესში.
„ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ რა ობიექტური მოცემულობაც გვაქვს. როგორც ეს ბავშვის სურვილიდან გამომდინარე ჩანს და რა რეალობაშიც არის ბავშვი დედასთან ცხოვრების პირობებში.
ბავშვს დედასთან წასვლა არ უნდოდა, როცა ბავშვი პირველად წაიყვანეს გერმანიაში, იქიდან ჩამოსული ამბობდა, რომ დედა ოთახში კეტავდა. ბავშვი სავარაუდოდ გრძნობდა ამ ყველაფერს. 8 წლის ბიჭი გვიყვებოდა, რომ აეროპორტში ქვეყნიდან გასვლის დროს იტირა, დედამ კი გასაჩუმებლად პირზე ხელი ააფარა. მე მამასთან დამაშორებენო, ეს იყო ბავშვის მუდმივი შიში.
ახლა მოცემულობა შემდეგია: იმისათვის, რომ ბავშვმა სწავლა გააგრძელოს უცხოეთში, საბედნიეროდ გერმანიას სჭირდება მამის თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვიშუამდგომლეთ სასამართლოს წინაშე. ვითხოვოთ სასამართლომ დაავალდებულოს ბავშვის დედა ჩამოიყვანოს ბავშვი საქართველოში“, - გვითხრა ს.ბ-ს ადვოკატმა.
დედის მხარემ კომენტარზე უარი გვითხრა, საუბარი არ ისურვა არც ადვოკატმა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა სასამართლოში გაგზავნილი მოთხოვნა, რითაც დედის მხარე მამისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას ითხოვს, რათა ერთპიროვნულად განკარგოს ბინადრობისა და მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცესები საზღვარგარეთ. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში წერია ისიც, რომ ბავშვი უკვე ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, დაწყებით სკოლაში სწავლობს.
დედის ადვოკატის შუამდგომლობა, დროებითი განკარგულების მიღებაზე
„დედა მის მეუღლესთან ერთად იმყოფება გერმანიაში. ბავშვი ჩარიცხულია სკოლაში და ესწრება საგაკვეთილო პროცესს, თუმცა ამ მიზნით ბავშვის უფლებების დასაცავად და მისი ინტერესების შესაბამისად გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად დედამ უნდა წარადგინოს ან მამის წერილობითი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ს.ბ-ს მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ.“
ახლა ბავშვის მამა, რომელსაც საკუთარი შვილი თითქმის 5 თვეა არ უნახავს, სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილების მოლოდინშია და იმედს იტოვებს, რომ შეძლებს შვილთან ურთიერთობის აღდგენას და მის ცხოვრებაში აქტიურად დაბრუნებას. მამა ამბობს, რომ მშობლის უფლებებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.