1738134236
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რა დანაშაულები იყო ჩადენილი რეჟიმის მიერ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, გამოვლენილი ფაქტების კვალდაკვალ არ გამოირიცხება სისხლის სამართლებრივი დევნაც
მნიშვნელოვანია, ფაქტობრივი სიზუსტით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რა დანაშაულები იყო ჩადენილი რეჟიმის მიერ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ეს არის მკვლელობა, წამება, საპატიმროებში არსებული ვითარება, ბიზნესის რეკეტი, ომის დანაშაული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არის დღესავით ნათელი.
„მათი მთავარი დანაშაული მაინც არის 2008 წლის ომის დანაშაული, რაზეც მერე აღიარეს, რომ თავად დაიწყეს 2008 წლის ომი. ყველა ეს დანაშაული არის სრულფასოვნად კიდევ ერთხელ გამოსაძიებელი, ჩასაძიებელი და ამით იქნება დაკავებული საგამოძიებო კომისია. რაც შეეხება შედეგებს, ერთი - თუ არ იქნება თანამშრომლობა საგამოძიებო კომისიასთან, ამისათვის არის გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის სასჯელი შესაბამისი სანქცია და მეორე - რაც შეეხება შესაძლო გაგრძელებას, ბუნებრივია, გამოვლენილი ფაქტების კვალდაკვალ შეიძლება, დადგეს სხვადასხვა ტიპის გაგრძელება დღის წესრიგში, მათ შორის არ გამოირიცხება სისხლის სამართლებრივი დევნაც. ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ აქ საუბარია უმძიმეს დანაშაულებზე.
ომის დაწყებაზე ვსაუბრობთ, რასაც შეეწირა 400-ზე მეტი ადამიანი და 30 ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში და მოხდა ე.წ. აღიარება ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის. ეს ყველაფერი მოიტანა მათმა უმძიმესმა დანაშაულმა. 150 ადამიანი მარტო ქუჩებში მოკლეს, ძირითადად ახალგაზრდები. წამებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ წამების სისტემური პრაქტიკა მოქმედებდა ჩვენს ციხეებში. კონკრეტულ საქმეებზე აქვს გამოტანილი გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოს. ხელის გულზე დევს უამრავი საქმე.
როგორ ართმევდნენ ადამიანებს ქონებას, როგორ აყაჩაღებდნენ. ამას შეეწირა უამრავი ადამიანის, ათიათასობით ადამიანის არა მარტო კეთილდღეობა, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობა და სიცოცხლე ისეთ მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი. ეს არის დანაშაულების მთელი წყება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი ოფიციალურად მოუწოდებდა ქართველ ხალხს, ამ ადამიანების, მწამებლების, მკვლელების, რეკეტიორების, ომის დამწყებების ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ. როგორ შეიძლება, ასეთი რამე ხდებოდეს, როგორ შეიძლება, გერქვას ევროპელი და ასეთი მოწოდებით გამოდიოდე ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის სირცხვილი და მეტი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.