„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს გამოვა და მზეს დაინახავს“ – ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედა სასამართლოს განაჩენს აპროტესტებს

მოკლული გოგოს დედა

კაცს, რომელმაც მძინარე ცოლს დანით 19 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ახალი წლის დღეებში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას დღეს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლულის დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. თავად ბრალდებულმა კი თქვა, რომ საღ გონებაზე არ იყო. პროკურატურა განაჩენს გაასაჩივრებს. ბრალდება თვლის, რომ მამაკაცმა დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

გიორგი კავლელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე ბოლო სიტყვის თქმისას დანაშაული კიდევ ერთხელ აღიარა და მიანიშნა, რომ ცოლის მკვლელობის მომენტში საღ გონებაზე არ იყო. საქმეში დევს მსჯავრდებულის მამის და დის ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ კავლელაშვილი ნარკოდამოკიდებული იყო.

შეზღუდული შერაცხადობა დანაშაულის ჩადენის მომენტში - სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ მოსამართლემ 30 წლის მამაკაცი ბრალდების ერთ ნაწილში გაამართლა.

20 წლიანი სასჯელი მიუღებელია დაზარალებული მხარისთვის. მოკლულის დედამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, – განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

მოკლული ქეთევან ედიბერიძის დედის მსგავსად ამავე პოზიციაზე რჩება პროკურორი, რომელიც დღევანდელი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში წაღებას გეგმავს. ბრალდების მხარე დაზარალებულთან ერთად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მკვლელობა გენდერული ნიშნით არის ჩადენილი.

საქმის მასალების მიხედვით, 9 იანვარს გამთენიისას, ვარკეთილში, 27 წლის ქალი სასიკვდილოდ მაშინ დაჭრეს, როდესაც მას თვეების შვილთან ერთად ეძინა. ქეთევან ედიბერიძეს დანით 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მალევე საავადმყოფოში დაიღუპა. კლინიკაში მოხვდა გიორგი კავლელაშვილიც, რომელმაც მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. 8 თვიანი განხილვის შემდეგ საქმეზე 20 წლიანი განაჩენი დადგა, თუმცა უვადო პატიმრობის მოთხოვნით დავა ზედა ინსტანციაში გაგრძელდება.