„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე...“ - შორენა ბეგაშვილი მიმართვას ავრცელებს
1728848230
ქართველი ექსპერტების მიერ გახსნილი მასშტაბური ძარცვის საქმეზე, რომელიც 60-იან წლებში მოხდა, ჟურნალი თბილისელები წერს:
სტატიაში ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მიმსგავსება შემთხვევითია
სამმაგი ძარცვა
1969 წლის აპრილში მოსკოვში, კრასნაია პრესნიაზე, მანამდე უპრეცედენტო დანაშაულები მოხდა. გაიძარცვა სამი შემნახველი სალარო, რომლებიც 500 მეტრის რადიუსში მდებარეობდა, ერთმანეთისგან 200-300 მეტრის მოშორებით.
წაიღეს სამი უზარმაზარი სეიფი. თითოეულ მათგანში დიდი რაოდენობით ფული და ობლიგაციები იყო განთავსებული. გატაცებული ფულის საერთო რაოდენობამ ერთ მილიონ საბჭოთა მანეთს გადააჭარბა. ეს ფანტასტიკური ძარცვები განხორციელდა დღისით, მზისით, იმ დროს, როდესაც თანამშრომლები შესვენებაზე იყვნენ გასული, ანუ დღის 13-14 საათებს შორის.
შემნახველი სალაროების სარდაფებში გათხრილი გვირაბები სწორედ იმ სეიფების ქვეშ იყო მიყვანილი, რომლებიც გაიტაცეს. თითოეული გვირაბი პროფესიონალურად იყო გათხრილი. ეს კი იმაზე მითუითებდა, რომ ამ საქმეში ამ დარგის სპეციალისტები იყვნენ გარეული. მძიმე სეიფების გვირაბში გატანა კი სპეციალური ტროსებით განხორციელდა. ეს ტროსები სტაციონარულად დამონტაჟებულ გორგოლაჭიან ძრავაზე იყო მიმაგრებული. მართალია სეიფების დაძვრის შემდეგ არასაუწყებო დაცვის ცენტრში სიგნალიზაცია ჩაირთო და მილიციის ბრიგადებმა შემთხვევის ადგილებზე მისვლა 3 წუთში შეძლეს, მაგრამ სეიფები უკვე წაღებული იყო. იდეალური სიზუსტითა და სისწრაფით გამორჩეულმა ძარცვამ მაძებრები საგონებელში ჩააგდო და ერთადერთი ხელჩასაჭიდი სტაციონარულად დამონტაჟებული გორგოლაჭებიანი ძრავები იყო. თუმცა, ასეთი ტიპის ძრავებს საბჭოთა კავშირში ბევრგან იყენებდნენ და მათი მეშვეობით დამნაშავეთა კვალზე გასვლის შანსი მიზერული იყო.
ალუმინის ჯვარი
ძარცვების საქმეს „მურის“ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ახორციელებდა. ამ ჯგუფს ქართველი გამომძიებელი, კონსტანტინე (კოკა) რუსაძე ხელმძღვანელობდა. მას ჯგუფში თავისი თანამემამულე, ძალიან გამოცდილი ექსპერტ-კრიმინალისტი, ვარლამ კუჭავა ჰყავდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა (ვარლამი 70 წელს იყო მიტანებული), კუჭავა შეუცვლელი იყო თავის საქმეში.
ვარლამს განსაცვიფრებელი ინტუიცია ჰქონდა და რუსაძეს შემსთავაზა, რომ სტაციონარულად დამონტაჟებული სამივე ძრავა დაეშალათ.
– რას მოგვცემს „მოტორების“ დაშლა, ივანიჩ? – ჰკითხა რუსაძემ. კუჭავამ კი უპასუხა:
– ვნახოთ, იქნებ მოგვცეს კიდეც. რა იცი, რა ხდება?
კუჭავამ სპეციალისტები მოიწვია და ძრავები დიდი აკურატულობით დააშლევინა. ერთ-ერთი მათგანის ფსკერზე ალუმინისგან დამზადებული პატარა ჯვარი და გაწყვეტილი ძეწკვი აღმოაჩინა. აშკარა იყო, რომ ეს ჯვარი მის მფლობელს გაუწყდა და ძრავას ნაპრალში ჩაუვარდა. ჯვარს უკანა მხარეს წარწერა ჰქონდა: „შემეწიე და დამიფარე“. ასეთი უბრალო ჯვრები იმ მცირერიცხოვან მრევლიან ეკლესიებში მზადდებოდა და იყიდებოდა, რომლებიც მაშინ ფუნქციონირებდა.
კუჭავას აღმოჩენა კოკა რუსაძისთვის მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი სამხილი იყო. მისი მეშვეობით უშუალო მძარცველებზე თუ არა, მათ ხელისშემწყობებზე შეიძლებოდა გასვლა.
კოკა რუსაძემ მოქმედების გეგმა შეიმუშავა და მისი განხორციელება დაიწყო. ეკლესიების საქმიანობას უშიშროების კომიტეტი, ანუ „კაგებე“ კურირებდა. ამ უწყებას დაწვრილებითი დოსიეები ჰქონდა ყველა რელიგიის მსახურზე და მათ არცთუ ისე მრავალრიცხოვან მრევლზე. სწორედ ამ ორგანოს მიმართა დახმარებისთვის კოკამ და იქიდან იმ ადამიანების (ძირითადად, მრევლის) დოსიეები გამოითხოვა, ვისაც ტექნიკურ მოწყობილობებთან მცირე შეხება მაინც ჰქონდა. ასეთი ადამიანი სულ 14 აღმოჩნდა. მათ შორის იყო ორი ქალი. რუსაძემ თავის ხელქვეითებს ამ ადამიანებისა და მათი საახლობლო წრის შესწავლა დაავალა, რაც ძალიან შრომატევადი საქმიანობა იყო. მაძებრები გამორიცხვის პრინციპით მოქმედებდნენ და ეჭმიტანილთა შორის სამი ადამიანი დარჩა – ლიფტების ინჟინერი სევა ლოგინოვი, ამწყობი ინჟინერ-ინსტრუმენტალისტი ბორის ვოლხოვი და მოსკოვის მეორე ტაქსომოტორის ელეტრომონტიორი, 27 წლის ალა კასატონოვა.
როგორც შემოწმებით გაირკვა, კასატონოვას მეუღლე მიხეილ ბოგდანოვი მოსკოვის „გვირაბმშენის“ ინჟინერი იყო და ამ საქმეში უმაღლეს კვალიფიკაციას ფლობდა. სწორედ ისინი გახდნენ მთავარი ეჭვმიტანილები და მილიცია მათ „კუდზე დააჯდა“.
ორკვირიანი თვალთვალის შედეგად გაირკვა, რომ არც თუ ისე დიდი შემოსავლის მქონე ცოლ-ქმარმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ ძვირად ღირებული ავეჯი და იმპორტული ტანსაცმელი შეიძინეს. ასევე, ხშირად სტუმრობდნენ რესტორნებს. აქედან გამომდინარე, რუსაძემ ცოლ-ქმრის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო და ისინი იმ დროს „აიყვანეს“, როდესაც გვიან ღამით რესტორან „არაგვიდან“ გამოდიოდნენ.
წყვილს ჩხრეკისას ჯიბეებში 25-მანეთიანების შეკრული, საბანკო დასტა აღმოაჩნდათ, რაც მნიშვნელოვანი სამხილი იყო. დაკითხვაზე ცოლ-ქმარმა დანაშაული აღიარეს და ექვსი თანამონაწილეც დაასახელეს. როგორც გაირკვა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძარცვის გეგმა სწორედ 27 წლის ალა კასატონოვას მიერ იყო მოფიქრებული.