არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდა და თანხას სძალავდა - დაკავებულია 18 წლის ბიჭი

შანტაჟი დაკავება

არასრულწლოვანი გოგონას შიშველი ფოტოებითა და ვიდეო მასალით ვაჭრობა - დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც 17 წლის კლასელ გოგოს ჯერ ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა, შემდეგ კი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები გამთენიისას მივიდნენ. არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, 18 წლის ბიჭს ხელბორკილები საკუთარ ბინაში დაადეს.

"კურიერი" დღეს სავარაუდო მოძალადის საცხოვრებელ მისამართზე მივიდა. ბინის კარი არ გააღეს, თუმცა თქვეს, რომ მძიმე დანაშაულის შესახებ საუბარი არ სურდათ.

პოლიცია დაკავებულის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში  ატარებდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კონკრეტული მტკიცებულებები, ის მასალა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 18 წლის მამაკაცი 17 წლის გოგოს აშანტაჟებდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული არასრულწლოვანს აიძულებდა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაეღო და სოციალურ ქსელით მისთვის გადაეგზავნა. ფოტო და ვიდეო მასალის მოპოვების შემდეგ 18 წლის მამაკაცმა, მსხვერპლისგან თანხის გამოძალვაც გადაწყვიტა და მისი დაშანტაჟება დაიწყო. ემუქრებოდა, რომ თუ კონკრეტულ თანხას დათქმულ დროს არ მისცემდა, ფოტოებს გაუვრცელებდა.

სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ 17 წლის გოგო გარყვნილი ქმედების მსხვერპლიც იყო. "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მოძალადის თავიდან მოშორება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კი, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და პოლიციას დანაშაულის შესახებ პირადად შეატყობინა.

18 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის და გამოძალვის მუხლებით მიმდინარეობს.

მძიმე დანაშაულის დეტალებზე არც ბრალდებულის ადვოკატი ამახვილებს ყურადღებას. ინტერესების დამცველს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, ბრალეულობის დასამტკიცებლად, არასაკმარისად მიაჩნია.

ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.