21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქეთი ჯავახიშვილი

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი, - ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე განაცხადა.

ბრალდებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დუმილის უფლებით სარგებლობდა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მხარეების პოზიციები მოისმინა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

„სასამართლოს ვერ დაუდასტურეთ, რომ ტანჯვა განიცადა. შესაძლოა, იმაზე მეტი ტანჯვა განიცადა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ვერ დაუდასტურეთ... მტკიცებულება არ არსებობს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ამასთან მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს...

ბრალდების მხარემ განსხვავებული მოპყრობის, დისკრიმინაციული ფაქტი ვერ დაადასტურა.

დაცვა აცნობიერებს, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა ჩაიდინა...

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველია... თავისუფალი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც სექსუალურ პარტნიორებს აქვთ",- განაცხადა ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული და მისი ფსიქიკური მდგომარეობა სახარბიელო არაა.

„ბატონო მოსამართლევ, თხოვნა იქნება, ოთარ ცინდელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნას ცნობილი, ის დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი 108-ე მუხლით",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დაცვის მხარის დასკვნის სიტყვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "სრული შოკი მიღო" და აღნიშნა, რომ ადვოკატების არგუმენტები უსუსური იყო და მხოლოდ თეორიებს ეფუძნებოდა. მან მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება მტკიცებულებების საფუძველზე სთხოვა.

„ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა, სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ვერ გავაკეთეთ, გარდაცვლილი ვერ დავკითხეთ",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.