ზვიად შალამბერიძემ იმერეთში 2021 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ 2021 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა. ზვიად შალამებერიძემ ასევე ისაუბარა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ 2022 წელი კიდევ უფრო ამბიციური იქნება. 

 - რა პროექტები განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით იმერეთის რეგიონში?
-
2021 წელი იმერეთის რეგიონისთვის იყო საინტერესო, წარმატებული და ნაყოფიერი. წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის სხვადასხვა დაფინანსების ფონდებიდან მოხდა 800 000 000 ლარამდე თანხის  მობილიზება , რითაც განხორციელდა 2 368 პროექტი. მათ შორის მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

2021 წელს დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის (5 კილომეტრი) და ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია,ზემო იმერეთი რაჭის (საჩხერე ონის) დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, აღნიშნულ პროექტზე ჯამში 111 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. წელს განხორციელდა ძეძილეთი - გორდი - ნოღას გზის სარეაბილიტაციო და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები,  პროექტის ღირებულება  16 მლნ ლარზე მეტი იყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით. ქ. ზესტაფონში 2021 წელს დასრულდა შათირიშვილი-მელქაძე-მაღლაკელიძისა და აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2021 წელს რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს. ამჟამად მოძრაობა გახსნილია 2 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ 2 ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი.

- რა გაკეთდა სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით?
-
იმერეთის რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. 2021 წელს რეგიონში მიმდინარეობდა 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 23 სკოლის სრული რეაბილიტაცია, საიდანაც დასრულდა 15 სკოლა. საერთო ჯამში 83 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება სკოლების სრულ რეაბილიტაცია-მშენებლობაზე.

- იმერეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი ჭიათურის საბაგირო გზების აღდგენაა, რას გვეტყვით ამ პროექტზე?
- დიახ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჭიათურაში საბაგირო გზის რეაბილიტაციაზე. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებს და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა მოძრაობს. გარდა იმისა, რომ ეს არის იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილების კარგი საშუალებაა, ტურისტებისთვის ატრაქციაც აღმოჩნდა და ინტერესით გადაადგილდებიან ახალი საბაგიროს მეშვეობით. ჭიათურაში უკვე დაიწყო 2 ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია, ფაქტიურად შენარჩუნებული იქნება ძველი იერსახე, მაგრამ ამასთანავე იქნება ბოლომდე უსაფრთხო.

პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ფასადებს, სკვერებს, საფეხმავლო ბილიკებს, საცხოვრებელი სახლების ღობეებსა და ჭიშკრებს. „განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4 წლიანია. ამჟამად მიმდინარეობს მისი პირველი ეტაპით დაგეგმილი პროექტების შესრულება, რომლის ღირებულება შეადგენს 75 მილიონ ლარს. გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სამუშაოები დასრულების ეტაპზე არის და თვალსაჩინოა უკვე პროექტის შედეგიც.

- საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამის პრიორიტებებზე, რომ გვესაუბროთ
- საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამა, არის ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. იმერეთი არის ერთ-ერთი იმ 4 რეგიონისგან, სადაც მიმდინარეობს ამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. ფაქტიურად იმერეთში ამ მიმართულებით, 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი, აქედან ნაწილი უკვე ათვისებული გვაქვს. 2022 წელს არის ძირითადი პროექტები განსახორციელებელი, რაც აძლევს რეალურად მუნიციპალიტეტებს იმ საშუალებას, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდნენ. ეს შეიძლება იყოს ურბანული განვითარება, ტურიზმის ხელშეწყობა თუ ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ ბიზნესს კიდევ უფრო წარმატებაში. ძალიან საინტერესო პროექტები არის უკვე დაგეგმილი ჯერ რომელიც არ დაწყებულა და დაიწყება 2022 წელს. ამ პროგრამის დახმარებით ჩვენ, 12-ვე მუნიციპალიტეტში მივიღებთ საინტერესო ურბანულ, ტურისტულ და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს.

წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.

-  2021 წელს კიდევ რა მიმართულებით განხორციელდა სამუშაოები იმერეთის რეგიონში?
-
2021 წელს რეგიონში ასევე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, ასევე წყალტუბოში აშენდა იუსტიციის სახლი და კიდევ 3 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მშენებლობა.

გარდა ამისა 2021 წელს წყალტუბოში 560 დევნილ ოჯახს გადავეცით ბინა, ქუთაისში ბოლო ორი წლის მანძილზე საცხოვრებელით დაკმაყოფილდა 394 დევნილი ოჯახი, ხოლო მომავალ წელს დაგეგმილია 800 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართი.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა არის მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხი. ქუთაისში ტრანსპორტის პრობლემა ფაქტიურად აღმოიფხვრა და ქალაქში 60 ერთეული ახალი ავტობუსი მოძრაობს, რაც მგზავრებისთვის გადაადგილების კომფორტული საშუალებაა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი და რა მოლოდინები გაქვთ?
- ქუთაისის აეროპორტი რა თქმა უნდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტია ქუთაისის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი გაფართოება, ვინაიდან არსებული აეროპორტი ვეღარ აკმაყოფილებდა იმ მგზავრთა ნაკადს, რომელიც იყო უკვე 2019 წელს. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ აეროპორტის გაფართოება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა შიდა ინტერიერის მოწყობა და გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობასთან შედარებით ოთხჯერ მეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად განახლებული აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორნახევარ მილიონამდე გაიზრდება. ამ ეტაპზე,  დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროპისა და აზიის 24 მიმართულებით სრულდება.

- როგორც ვიცით, 2021 წელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო კოვიდპანდემია და რა გაკეთდა პრევენციის მიზნით  იმერეთის რეგიონში?
-
მთავარ გამოწვევად ისევე, როგორც წინა წელს რჩება კოვიდ პანდემია. ამ მიმართულებით, როგორც მთელს საქართველოში მაქსიმალური ყურადღება დაეთმო პანდემიის მართვას და საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების დაცვას.

იმერეთი ამ მიმართულებითაც გამორჩეულია და ჩვენ შევქმენით უნიკალური მართვის სისტემა, რომელიც წელს კიდევ უფრო დაიხვეწა და მოგვცა იმის საშუალება, რომ კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ მთლიანად ეს პროცესი. COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთი მძლავრი საშუალება არის ვაქცინაცია და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ჩავერთოთ მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, შევამციროთ პანდემიის რისკები და დავიცვათ ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები.

- როგორი იყო 2021 წელი პოლიტიკური მიმართულებით?
-
2021 წელი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მოგეხსენებათ წელს ადგილბრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად იყო მონათლული, მაგრამ რეალურად მმართველმა გუნდა ღირსეულად გაიმარჯვა. რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ენდობა ჩვენს გუნდს და ჩვენი სამოქმედო გეგმა მათთვის არის მისაღები.

- როგორია იმერეთის რეგიონის სამომავლო გეგმები? - 2022 წელს კიდევ უფრო საინტერესო პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი და რა თქმა უნდა პრიორიტეტი არის მუნიციპალური ცენტრების და სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, რაც ჩვენი მთავრობის ამბიციური გეგმაა და ფაქტობრივად 2025 წლისთვის ასი პროცენტით უნდა იყოს დასრულებული. გაგრძელდება ურბანული განახლების პროექტები, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის ჩვენს ქალაქებს. ასევე, რა თქმა უნდა გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კიდევ ერთი ამბიციური გეგმაა, რომ ყველა სოფელში იყოს ცენტრალური გზა მიყვანილი და შეიძლება ითქვას, რომ იმერეთის დაახლოებით ოთხმოც პროცენტში ცენტრალური მაგისტრალი მიყვანილია და გადავდივართ უკვე საუბნო გზებზე. ჩვენი გეგმაა, რომ ეს მიმართულება მაქსიმალურად იყოს ათვისებული.  ასევე, გაზიფიცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, გაზიფიცირდეს ყველა სოფელი. რეგიონში არის მუნიციპალიტეტები, სადაც ყველა სოფელი არის უკვე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი. ჩვენი მიზანია რეგიონის ყველა სოფელში იყოს გაზი მიყვანილი.