თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა

პოლიცია

თორმეტსაათიანი უწყვეტი თოვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.

თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის განმარტებით, მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობა ხელსაყრელ დროს აღდგება.

„მობილიზებული გვყავს ტექნიკა. გუშინ ღამის შემდეგ მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. პირველ ეტაპზე გაიწმინდა ცენტრალური ქუჩები და მიმდებარე გზები. არსებულმა მდგომარეობა გარკვეული უხერხულობა შექმნა მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს პრობლემა მალე მოგვარდება“ - თქვა ლევან ანდრიაშვილმა.

ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ნაწილზეც.

ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, სოფელ გომბორში და შუა მთის მონასტრის გადასახვევთან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.