1740388520
გაზი 100%-ით აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ, სამი ტექნიკა გვაქვს შემოყვანილი, მუნიციპალიტეტი გვეხმარება ყველაფერში, კი საკმარისია, ყველას ეჩქარება, მაგრამ დრო არის მთავარი - ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი დაბა ურეკში

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული.
ქვეყანაში უკვე მეექვსე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ყველაზე რთული ვითარება ისევ გურიაშია, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მამაკაცი სახურავის წმენდის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და ბეტონის ფილა დაეცა. თოვლმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაკეტილია გზები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.
"დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებული იყო გაზის კომუნიკაციას, გაზი 100%-ით აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ. ახლა მიმდინარეობს შიდა გზების [გაწმენდითი] სამუშაოები, რომ როგორმე ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას. სამი ტექნიკა გვაქვს შემოყვანილი, მუნიციპალიტეტი გვეხმარება ყველაფერში შეძლებისდაგვარად, კი საკმარისია, ყველას ეჩქარება, მაგრამ დრო არის მთავარი", - აცხადებს ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი დაბა ურეკში დავით რობაქიძე.