როდის არის ფრჩხილების დაგრძელება საშიში ჩვენი ორგანიზმისთვის

დაგრძელება

ფრჩხილების დაგრძელება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა. ბევრს აინტერესებს, მავნეა თუ არა ფრჩხილების დაგრძელება, ხომ არაფერს ავნებს ხელოვნური ფრჩხილები ბუნებრივს.

მოდი, გავარკვიოთ. ფრჩხილების დასაგრძელებლად იყენებენ გელს, აკრილს, აბრეშუმსა და ფისს. როგორ მოქმედებს ეს ნივთიერებები ბუნებრივ ფრჩხილზე? ფრჩხილი ერთგვარი ჯავშანია, რომელიც  ფრჩხილის ზედაპირს, ე.წ. ფრჩხილბუდეს, მექანიკური ფაქტორებისა და მავნე მიკროორგანიზმებისგან იცავს. თუ ფრჩხილის დაგრძელების პროცედურას ატარებს პროფესიონალი, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზედმიწევნით იცავს ტექნოლოგიას, საშიში არაფერია, მაგრამ თუ ამ საქმეს არასათანადო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანმა მოჰკიდა ხელი, პრობლემები გარდაუვალია. თუ ფრჩხილებს ტიპსებით ვიგრძელებთ, ფრჩხილსა და ტიპსს შორის ჰაერი არ უნდა მოხვდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადგილას შეიძლება ანაერობულმა ბაქტერიებმა დაიბუდოს და ინფექცია განვითარდეს. ფრჩხილის არასწორად ჩატარებულმა კორექციამ შესაძლოა სოკოვან ინფექციამდე მიგვიყვანოს. მაგალითად, მაშინ, თუ მანიკიურის სპეციალისტმა არ დაამუშავა ფრჩხილის ის უბანი, რომლის ქვეშაც მოხვდა ჰაერი და ისე დაადო ზემოდან ახალი ფენა. საშიშია ფრჩხილის კიდეების გასწორებაც. თუ უნებლიეთ დაზიანდა ზრდის ზონა, ფრჩხილის ზრდა შეფერხდება, ანდა ფირფიტა უსწორმასწოროდ გაიზრდება. ფრჩხილის ფირფიტა შეიძლება დაზიანდეს ხელოვნური ფრჩხილის მოშორების დროსაც. არაფრით არ შეიძლება მისი გადაქლიბვა ან ძალით მოძრობა - ამ დროს ფრჩხილი შრება და ტყდება. ხელოვნური ფენა უნდა მოსცილდეს სპეციალური გამხსნელი საშუალების დახმარებით. 

შეიძლება თუ არა ფრჩხილების დაგრძელება ალერგიის მქონე ადამიანებისთვის?

ქიმიური ნივთიერებების მიმართ ალერგიული რეაქცია, შესაძლოა, განვითარდეს ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურის დროს, რადგან კოსმეტიკური საშუალებები უმთავრესად ქიმიური წარმოშობისაა.

ალერგიამ, შესაძლოა, თავი იჩინოს გამონაყარითა და ქავილით, თანაც არა მარტო პროცედურის დასრულებისთანავე, არამედ რამდენიმე თვის შემდეგაც კი. ალერგიული რეაქციების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა თვეობით გასტანოს. ფრჩხილების დაგრძელების პროცედურამ უსიამოვნება რომ არ შეგამთხვიოთ, მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს. თუ ის პროცედურის დაწყებამდე არ დაინტერესდა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ყურადღებით არ დაათვალიერა ფრჩხილები და არ ჩაატარა ხელების დეზინფექცია, მის მომსახურებაზე უარი თქვით.

წყარო

ასევე ნახეთ:

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებულები თედო ბექაური და ანნა ბირთველიშვილი გახდნენ

როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ნიცა თავაძემ იუბილე - ნეაპოლიდან კადრები გავრცელდა