მოერიდეთ სამკაულებს, გარეთ გასვლამდე აუცილებლად ჭამეთ - როგორ მოვიქცეთ ძლიერი ყინვის დროს

თოვლი

 ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა. სინოპტიკოსები მომავალში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. ამიტომ, გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ცივ ამინდში, გარეთ გასვლამდე:

ჩაიცვით თბილად. უპირატესობა მიანიჭეთ ნივთებს, რომლებიც ხელს არ უშლის სისხლის მიმოქცევას. მოერიეთ ზედმეტად მორგებულ ჯინსებს, ნეილონის კოლგოტებს, მჭიდრო ქამრებს.  ტანსაცმელი უნდა იყოს „თავისუფალი“ და თბილი, ყოველთვის ორ-სამ ფენად. ატარეთ ხელთათმანები. არ დაივიწყოთ თბილი წინდები, ქუდი და შარფი.

აუცილებლად შეჭამეთ რამე გარეთ გასვლამდე. ეს კვება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცხიმს და ცილას, ამიტომ მიირთვით მეტი ხორცი, მათ შორის, ფრინველის.

მოერიდეთ სამკაულებს - სიცივეში ისინი ისე ცივდებიან, რომ შეიძლება მოყინვა გამოიწვიოს. ჯობია, თან წაიღოთ და ადგილზე გაიკეთოთ.

დალიეთ საკმარისი წყალი: სიცივეში ყოფნისას არ ვგრძნობთ წყურვილს და გვავიწყდება წყლის დროულად დალევა. ეს იწვევს გაუწყლოებას, ამიტომ აუცილებლად დალიეთ წყალი, ჩაი ან ხილის წვენი. თუ ძლიერ ყინვაში აღმოჩნდით, არ დაგავიწყდეთ ფილტვების დაცვა – შეეცადეთ ჩაისუნთქოთ შარფის ან ნიღბის საშუალებით, რათა ჰაერს დრო ჰქონდეს, გათბეს, სანამ სხეულში მოხვდება.