„უკრაინის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ჯერიც დადეს" - რა გეგმით მოქმედებს რუსეთი, ნახეთ მამუკა არეშიძის პროგნოზი

უკრაინა

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი გადამწყვეტ ფაზაში შედის, დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი უკან არ იხევს და უკრაინასთან მიმართებით  2008 წლის სცენარს ზედმიწევნით იმეორებს. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ დასავლელი პარტნიორების მწვავე რეაქციები არ აღმოჩნდა საკმარისი, უკრაინა დასავლეთისგან კიდევ უფრო მწვავე რეაგირებას ელის.

მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტით, რისი მიწევა სურს რუსეთს და რა გავლენა ექნება უკრაინა-რუსეთის ომს საქართველოზე? - როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე "პრაიმტაიმთან" აცხადებს, რუსეთის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა და ამისთვის ყველა ხერხს იყენებს.

„უკრაინა-რუსეთის ომს საქართველოზე გავლენა, ბუნებრივია, ექნება. ჩვენ ჩართულიც ვართ ამ კონფლიქტში. უკრაინა-რუსეთის ომი ნიშნავს შავი ზღვის აუზში დაძაბული ვითარების შექმნას და ჩვენს რეგიონზე  ეკონომიკურ დარტყმას. ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში საქართველოს ჯერიც დადგეს. რუსეთს დოქტრინა აქვს გაცხადებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო გეოსტრატეგიული კატასტროფა.

ასე ჩანს, რომ მათ სურთ აღდგეს ის სივრცე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, შესაძლოა, სხვა ფორმით, მაგრამ რუსეთის გავლენის ქვეშ. რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას არ ველოდები, რადგან რუსეთი ახლა ფართომასშტაბიან ომს ვერ გაუძლებს.  ველოდები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ომს და რუსეთის მიერ ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლის მოპოვებას“,- განაცხადა არეშიძემ.

რატომ არის უმოქმედოდ დასავლეთი - რა მიზეზის გამო გვიანდება რუსეთის მიმართ დასავლელი პარტნიორების მიერ სანქციების დაწესება? - როგორც არეშიძე აცხადებს, დასავლეთს ამ კონფლიქტში „ხელის გასვრა არ სურს“.

„დასავლელი პარტნიორების განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, არის საქმის მაზიანებელი. როცა ისინი აცხადებენ, თქვენ იომეთ და ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ოღონდ სამხედრო ძალით კი არა, არამედ სანქციებით ან იარაღით, ეს არის ცინიკური განცხადება.

დასავლელ საზოგადოებას, რომელიც თვითკმაყოფილია თავისი მდგომარეობით, ომში ჩართვა არ უნდა. მათ შეუძლიათ, ომს ხელი შეუშალონ, მაგრამ კარგად იციან, რომ ამ ხელისშემშლელი მეთოდების გამოყენება მათ ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ არ ინძრევიან. მათ ნამდვილად არ აინტერესებთ, რა მოხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ეს ფაქტია“,- განაცხადა არეშიძემ.

რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის?

2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის მზადებაზე მიუთითებდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.

მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

სხვა სიახლეები