1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
CBS-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუს გენერლებს უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიღებული აქვთ.
ტელეკომპანიის ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტი დევიდ მარტინი CBS-ის ეთერში ამბობს, რომ ახლა გენერლები თავდასხმის გეგმაზე მუშაობენ.
მისივე თქმით, დაზვერვა მიუთითებს, რომ "[რუსები] აკეთებენ ყველაფერს, რასაც ამერიკელი გენერლები იზამდნენ შეტევის ბრძანების მიღების შემთხვევაში".
დევიდ მარტინი ამ განცხადებისას საუბრობდა იმაზე, რატომაა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებული, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა აქვს გადაწყვეტილი.
რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 18 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს.
17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.
აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს.