1728589908
"სააკაშვილმა ნიკა მელიას აქტიურობა შეზღუდა" - რა მიზნით დანიშნეს კობა ნაყოფია "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს სტრუქტურული ცვლილებებით იწყებს. კერძოდ, პარტია, ნიკა მელიას ნაცვლად, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, კობა ნაყოფიას, ხოლო გენერალური მდივნის პოსტზე ექს-პრეზიდენტის ახლო მეგობარს, პეტრე ცისკარიშვილს ნიშნავს.
რატომ გახდა საჭირო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას ჩანაცვლება კობა ნაყოფიას კანდიდატურით? - როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ამ პოსტზე კობა ნაყოფიას დანიშვნის მიზანი მიხეილ სააკაშვილის ფინანსების კონტროლია, რასაც მელიას ბოლომდე ვერ ანდობდა.
„კობა ნაყოფია „ნაცმოძრაობის“ „ხაზინადარია“. ის, გარკვეულწილად, პარტიის ფულს განკარგავს და თავადაც შეაქვს იქ ფული. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ნაყოფია ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში ჰყავდა, რომ ფული ეკეთებინა. ნაყოფია „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, რათა მან სააკაშვილის ფული აკონტროლოს. როდესაც „ნაცმოძრაობა“ ეძახის ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქს, ასეთ ფონზე, როგორ შეიძლება, ნაყოფია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დააყენო.
ნაყოფია მუდმივად ასოცირდება რუსულ ფინანსურ წრეებთან. ის ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო რუსულ ფინანსურ სტრუქტურებთან, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ. ამდენად, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ „ნაცმოძრაობა“ ანტირუსულ განწყობებზე საუბარს გარე მოხმარებისთვის იყენებს.
რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილს, ის ითვლება მიხეილ სააკაშვილის პირად მეგობრად, რომელიც სააკაშვილის ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. ის საკითხის განსჯას არ დაიწყებს, როგორც ამას მელია აკეთებდა“, - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, ამ სტრუქტურული ცვლილებებით, მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში ნიკა მელიას აქტიურობა შეზღუდა.
„ამ გადაწყვეტილებებით, ნიკა მელიას აქტიურობა მაქსიმალურად შეზღუდეს. „ნაცმოძრაობაში“ განსაკუთრებით არ მოსწონთ, რომ ნიკა მელიას პარტიაში მიჰყავს ახალი ხალხი, რომელიც ორიენტირებულია არა მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ბელადზე, არამედ პარტიის იდეოლოგიაზე.
ახლა სააკაშვილის მხრიდან ნიკა მელიას მოშორება ორი მიზეზის გამო არ შეძლებოდა, პირველი - მელია პარტიაში ყველაზე აქტიური ფიგურაა და მეორე - მისი გაშვება პარტიის მომხრეთა რღვევას გამოიწვევდა. ასე, რომ მელია პარტიიდან წავა იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად მოინდომებს“, - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემდეგი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა:
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, გენერალური მდივნის პოსტი კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.
ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.