პრეზიდენტმა ვერ ჩააბარა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებული ტესტი - პაატა მანჯგალაძე

მანჯგალაძე

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონთან და საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტმა არ ისარგებლა თავის კონსტიტუციური უფლებით და არ დაადო ვეტო ამ კანონებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა,

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა ვერ ჩააბარა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებული ვერც ერთი ტესტი. იმედს, ვიტოვებ, მას საფრანგეთში მიღებული განათლება და ცხოვრება გამოადგება იმაში, რომ ერთხელ მაინც მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.

თუ სამართლებრივ ნაწილზე ვსაუბრობთ, ცუდია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც შეფასებას გააკეთებდნენ. ძალიან მარტივი რამ უნდა გაეკეთებინათ, უნდა ამოეღოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საუბარია პირდაპირ, რომ არჩევითი თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა შეიძლება განხილული იყოს როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლა.

ეს საკითხი არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. მე როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი აპირებს ამ მიმართულებით სარჩელის შეტანას. ასევე, კარგი იქნებოდა მოესმინათ კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება გარკვეული ვადით არჩეული თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.