წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1734031539
პატრიარქის ეპისტოლეში საუბარი იყო რწმენისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამებაში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი მნიშვნელოვანი გზავნილი. პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეპისტოლეში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს.
„ეპისტოლეში საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, პროგრესი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რისკები როდესაც არსებობს, ამაზე ყურადღების გამახვილებაც აუცილებელია. ამაზე იყო საუბარი პატრიარქის ეპისტოლეში“, - განმარტა კობახიძემ.
საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, თავისი შესაძლებლობებისამებრ, ჰმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის.
ტექნოლოგიებზე საუბრისას კი უწმინდესმა აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.