ოპოზიციის რადიკალური ნაწილის რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში - ირაკლი ჩიქოვანი

ჩიქოვანი

"ბოლო დღეებში ოპოზიციის რადიკალური ნაწილის რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში. მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული",  - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„როგორც იცით, ამ დღეებში ჩატარდა ევრონესტის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაციამ აქტიურად იმუშავა და მხარი დაუჭირა ბიუროს გზავნილებს, რომლებიც ეხებოდა უკრაინას. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც დელეგაციის შემადგენლობაში არიან, საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა ამ სხდომაში. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთთან შეხვედრას უკავშირდება. ამის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში ოპოზიციის რადიკალური ნაწილის რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში. მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რეგიონისა და გლობალურ დონეზე უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები უკრაინის მხარდამჭერ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან.

პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით სხვადასხვა მძიმე პროვოკაციას გეგმავენ, რაც ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია. მოვუწოდებ მათ, დროებით მაინც დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და იმოქმედონ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან დღეს ნამდვილად არ არის შიდაპარტიული, უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“, - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.