„ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს - ლევან ბეჟაშვილი

ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეეგუება, რომ პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრატეგია და გეგმა გვჭირდება, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაორგანიზება და ა.შ.", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოება ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობა დღემდე გრძელდება. დღემდე არ უზრუნველყვეს, რომ ამ ადამიანს სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. ყველა ექიმი, ყველა კონსილიუმი ამბობს, რომ შეუძლებელია ამ პირობებში, ამ ვითარებაში, ამ აღჭურვილობის პირობებში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ნორმალური მკურნალობის განხორციელება.

ამიტომ ერთადერთი შესაძლო გამოსავალი უნდა იყოს ის, რომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდეს და შესაბამისად, მოხდეს სასჯელის მუხლის გადავადება, მაგრამ ხელისუფლებას განზრახული აქვს მისთვის პირდაპირ წამებასთან გათანაბრებული სტატუსის შენარჩუნება იმიტომ, რომ მათთვის მთავარი არის ახლა პუტინი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ, ან უნდა ავიმაღლოთ ხმა და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ან უნდა შევეგუოთ პუტინის მმართველობას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.