„ნაცმოძრაობაში“ ახალი სამდივნო შეიქმნება - კიდევ რა ცვლილებები განხორციელდება პარტიაში

ნაციონალური

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სამდივნო შეიქმნება, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

„ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციები გვაქვს ჩვენი გუნდის წევრებთან, მხარდამჭერებთან და ყველასთან, ვისთან ერთადაც შესაძლებელი იქნება იმ ამოცანებისა და გამოწვევების გადალახვა, რომელიც არამხოლოდ პარტიას, არამედ პირველ რიგში, ქვეყანას უდგას, იმიტომ, რომ ჩვენი პარტია ოპოზიციიდანაც უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს.

გამარჯვების მერე, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას, ხალხს უნდა დავანახოთ რა ხედვები გვაქვს, რა მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას და რა იქნება ჩვენი პრიორიტეტები, ამიტომ ამას სჭირდება ძალიან მოქნილი, კარგი მენეჯმენტი და ახალი სამდივნო, რაც სწორედ ამ ნიშნით იქნება შერჩეული“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნიკა ობოლაძის განცხადებით, პარტიაში ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება მიმდინარეობს. 

„პარტიაში ხდება პასუხისმგებლობების უფრო მეტად გადანაწილება, ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება. ვემზადებით იმისთვის, რომ მეტად იყოს ხალხის ნება ასახული ქვეყნის მმართველობაში. შესაბამისად, ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს მეტად ძლიერი იმისთვის,რომ პასუხობდეს ხალხის გამოწვევებს“, - აცხადებს ობოლაძე.