"გახარიამ შეგნებულად მოიტყუა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქონება გაზარდაო, ის მარტივი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ

"სიცრუე, რომელსაც ნაცებთან გაყიდული ჯაშუში ამბობს, არის ის, რომ თითქოს, "ფორბსის" მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე გამდიდრდა. რეალურად - გამოცემის თანახმად, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქონება შეადგენდა 6.4 მილიარდ დოლარს. 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქონება შეფასებულია 4.9 მილიარდ დოლარად. მარტივი არითმეტიკით დგინდება, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე არათუ გამდიდრდა, პირიქით, მისმა კაპიტალმა სერიოზული კლება განიცადა და მილიარდ ნახევრით შემცირდა", - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა.

მისივე თქმით, გახარია არათუ მატყუარაა, არამედ ეკონომიკის არმცოდნე თაღლითია, რომელიც მარტივი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მაგრამ ვინ-ვინ, და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის.

"სიმართლე გითხრათ, დიდ პატივად მიმაჩნია ჩემგან გამოხმაურება ამ მოღალატის ტყუილებზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ვცემ პატივს და მინდა რომ გახარიას მიერ გავრცელებულ სიცრუეს ბიძინა ივანიშვილის შესახებ დეტალურად, არგუმენტირებულად და ფაქტებით ვუპასუხო.

პირველი და მთავარი სიცრუე, რასაც ნაცებთან გაყიდული ჯაშუში ამბობს, არის ის, რომ თითქოს "ფორბსის" მონაცემებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე გამდიდრდა. რეალურად - სიმართლე არის შემდეგი, რომლის გადამოწმებაც მარტივად, "ფორბსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.

გამოცემის თანახმად, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქონება შეადგენდა 6.4 მილიარდ დოლარს.

2023 წელს, ისევე როგორც გასულ 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქონება შეფასებულია 4.9 მილიარდ დოლარად.

მარტივი არითმეტიკით დგინდება, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე არათუ გამდიდრდა, პირიქით, მისმა კაპიტალმა სერიოზული კლება განიცადა და მილიარდ ნახევრით შემცირდა.

თუმცა, ცხადია ეს არის მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია, უფრო სიღრმეში ჩასვლა კი კიდევ უფრო ბევრ რამეზე მეტყველებს.

გახარიამ, რომელიც თავს დებს "დიდ ეკონომისტობაზე", რომელიც ჯერ ბიზნეს ომბუდსმენი, ხოლო შემდეგ ეკონომიკის მინისტრი იყო, უნდა იცოდეს, რომ კაპიტალი, ყველაზე დაბალრისკიან, ნაკლებად აქტიურ ბიზნესში დაბანდების შედეგად 10 წელიწადში მინიმუმ ორმაგდება. მაგალითად, აქტივების დაბანდების შედეგად ობლიგაციებსა და ფასიანი ქაღალდებში 10 წლის განმავლობაში დაახლოებით ერთი იმდენ მოგებას აჩვენებს.

ანუ რა გამოდის - ბიძინა ივანიშვილს თუ 2012 წელს 6.4 მილიარდი ჰქონდა, 2024 წელს, 12 წლის თავზე, ყველაზე ნეგატიური და უხეში დათვლებით მინიმუმ 13 მილიარდი უნდა ჰქონდეს. და რადგან „ფორბსი“ 2024 წელს წერს, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ქონება 4.9 მილიარდს შეადგენს, გამოდის, რომ ამ 12 წლის განმავლობაში მან თანხა საქართველოს დაახარჯა ორი მიმართულებით. 1 - ეს არის ქველმოქმედება, სადაც ზუსტად ვიცით, რომ 3 მილიარდზე მეტი დოლარი გაიღო. 2 - ეს არის ქართული პოლიტიკა. ქველმოქმედების პარალელურად, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქველმოქმედების პარალელურად მინიმუმ ამდენივე თანხა ქართულ პოლიტიკას დაახარჯა.

მე რომ მკითხოთ, მის მიერ, პოლიტიკაში დახარჯული აქტივი და ქართული პოლიტიკის ჯაშუშებისგან გაწმენდა ბევრად უფრო დიდი ქველმოქმედებაა, ვიდრე რომელიმე ტაძრის აღდგენა თუ ისტორიული ხელნაწერის ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო სიღრმისეულად ისტორია და მომავალი თაობები იმსჯელებენ.

ანუ რა გამოდის - გახარიამ ჯერ შეგნებულად მოიტყუა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქონება გაზარდაო, პარალელურად კი სრული უვიცობა აჩვენა ბიზნესის და ეკონომიკის.

კიდევ ერთი ნიუანსი - "დიფ სთეითის" ჯაშუში მანიპულაციურად იტყუება, ბიძინა ივანიშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს საქართველოში ბიზნესი არ მაქვსო, არადა თურმე "ჰაიდელბერგცემენტის" მეწილე ყოფილაო. თან ამბობს, მილიარდობით კაპიტალი დააგროვა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგო, თან მაგალითად მოაქვს 200 მილიონიანი კომპანია, რომლის 40% თანაინვესტირების ფონდი ფლობს და რომლის წილი მის მიერ დასახელებულ კაპიტალში იმდენად უმნიშვნელოა, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. ფაქტია, აქაც ურცხვად მოიტყუა ნიკა მელიასთვის გადამდგარმა ნაპრემიერალმა.

და ბოლოს, "ფორბსის" პარალელურად, შესაძლოა ვინმეს მაგალითად "ბლუმბერგის" მონაცემები ჰქონდეს "არგუმენტად", რომელიც აქვე უნდა გაქარწყლდეს. ეს გამოცემა წლების განმავლობაში ავრცელებდა დეზინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის კაპიტალთან დაკავშირებით. ზოგადად, ცივილური პრაქტიკაა, რომ როდესაც ბიზნეს-გამოცემები აქვეყნებენ ამა თუ იმ ადამიანის ქონებაზე ინფორმაციას, პირველ რიგში ეს ხდება ბიზნესმენთან კომუნიკაციის შედეგად, როდესაც ინვესტორი მიუთითებს მისი ქონების თაობაზე, შემდეგ კი ითვლება მისი ფასი და დგება ქონების ღირებულება. მინიმუმ ორჯერ, საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილს აქვს ღიად ნათქვამი, რომ ბლუმბერგს არასოდეს კომუნიკაცია არ ჰქონია მასთან და რიცხვებს კონკრეტული დავალების შესაბამისად "აბრახუნებდა". თავისივე ვებ-გვერდზე, მისი ინფორმაციის სანდოობა შეფასებულია 5 შკალიდან 1 შკალით, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლუმბერგის" მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია არის ჩვეულებრივი ტყუილი და მანიპულაცია.

დასკვნის სახით გეტყვით, რომ გახარია არათუ მატყუარაა, არამედ ეკონომიკის არმცოდნე თაღლითია, რომელიც მარტივი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მაგრამ ვინ-ვინ, და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის", - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.