თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს
1732350445
ბარიერის დაწევა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ევროკავშირის მოთხოვნა, სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერის სიმაღლე. შესაბამისად, ეს საკითხი 12 პუნქტშიც არ მოხვდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბარიერის დაწევა და ამისთვის „ქართული ოცნების“ მხრიდან მზადყოფნა მმართველი გუნდის კეთილი ნებაა.
„12 პუნქტში საარჩევნო ბარიერის თემა არ შედის, 12 პუნქტი განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ და ჩვენ დეტალური გეგმა წარვადგინეთ, როგორ გვესახება ამ პუნქტების განხორციელება. რა თქმა უნდა, საარჩევნო ბარიერი არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რასაც აქვს თავისი მიზეზი – ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში სწორედ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს და მხოლოდ უმცირესობაშია ის ქვეყნები, სადაც მოქმედებს 2-პროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთი სულ ორი ქვეყანაა მთელ ევროკავშირში, რადგან ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ბარიერის დაწევა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ევროკავშირის მოთხოვნა, სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა – თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერის სიმაღლე. შესაბამისად, ეს საკითხი 12 პუნქტშიც არ მოხვდა. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და სწორედ ჩვენი კეთილი ნების შესაბამისად ჩავატარეთ ბრიფინგი და განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი თვის განმავლობაში დავწიოთ საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის საკითხის პოლარიზაციასთან კავშირს, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო ბარიერის აწევა თუ დაწევა პოლარიზაციის კუთხით მდგომარეობას ვერ შეცვლის.
„თავისთავად, საარჩევნო ბარიერის აწევა თუ დაწევა პოლარიზაციის კუთხით მდგომარეობას ვერ შეცვლის. რა თქმა უნდა, თუ ბარიერი დაიწევა, ოპოზიცია მაინც არ მოიშლის საუბარს იმაზე, რომ ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. რა თქმა უნდა, ბარიერს არავითარი ეფექტი არ ექნება პოლარიზაციოს შემცირების კუთხით – არც აწევისა და არც დაწევის შემთხვევაში. ჩვენ ვსაუბრობთ ერთადერთ რამეზე, სტატუსის მინიჭება ავტომატურად დასწევს პოლარიზაციის ხარისხს. ეს შეამცირებს რადიკალური ოპოზიციის რესურსს, რომ დამატებით გააღვივონ პოლარიზაცია. აქედან გამომდინარე, ასეთ დროს დაბალი ბარიერი შედარებით ნაკლებ რისკებს შეიცავს. ოპოზიციისთვის თვითმიზანია, ამ პროცესში არ ჩაერთოს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ სურთ პროცესისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს. ეს არის მათი ამოცანა. ისინი ფიქრობენ, რომ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ქულებს დაიწერს ხელისუფლება და ეს მათ არ სურთ. სურთ, ქულები დაიწერონ, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.
გათვლა ძალიან მარტივია – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება. სწორედ ამის გამო ეძებენ საბაბებს, რომ არ ჩაერთონ პროცესში. ამას შეიძლება მხოლოდ ერთი სახელი ერქვას – შარშან იყვნენ პარლამენტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟის რეჟიმში, დღეს უკვე არიან ევროინტეგრაციის საბოტაჟის რეჟიმში, ძალიან ღიად და გამოხატულად. რეალურად, საარჩევნო ბარიერი ვერც ჩვენთვის იქნება სავაჭრო თემა ევროკავშირთან და ვერც ევროკავშირისთვის ჩვენთან ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. საარჩევნო ბარიერი 12 პუნქტის ნაწილი საერთოდ არ არის და ვერც იქნება, რადგან საარჩევნო ბარიერის დადგენა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და ევროკავშირს ვერავითარი კერძო ინტერესი ვერ ექნება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში სწორედ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, საუბარი ვაჭრობაზე თუ საბოტაჟზე ერთი თუ მეორე მხრიდან, არის ცარიელი სპეკულაცია. ერთადერთი საუბარია იმაზე, რომ ბარიერის დაწევა შესაძლებელი გახდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირების პირობებში. როცა ჩვენ ასეთ შეთავაზებას ვაკეთებთ – ბარიერის დაწევას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბუნებრივია, ოპოზიციას საბაბიც კი არ რჩება იმისათვის, რომ არ ჩაერთოს პროცესში და განახორციელოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი, თუმცა აქაც კი, ისინი ახერხებენ საბოტაჟს, პირდაპირ ახორციელებენ ევროინტეგრაციის საბოტაჟს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე, მათ ღრმად ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე.
ზოგადად, სახელმძღვანელოებშიც კი წერია, რომ დაბალი ბარიერი ნიშნავს მეტ რისკებს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისთვის. რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ბარიერი ასეთ რისკებს აზღვევს. მით უმეტეს, ქვეყანაში, რომელიც არის ბევრად მოწყვლადი, ვიდრე განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები შედარებით მაღალი ბარიერის დადგენა მიზანშეწონილია, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ თუ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდება და კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს ავტომატურად მოხდება, მაქსიმალურად იქნება ის რისკები დაზღვეული, რაც დაბალ ბარიერთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ასეთ დროს რეალურია იმ ბარიერზე გადასვლა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარია უპრეცედენტოდ დაბალ ბარიერზე – ორ პროცენტზე, რომელიც მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. ეს ქვეყნებია დანია და ნიდერლანდები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.