დავით მათიკაშვილი: პარტნიორები შანტაჟის ენით ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მით უმეტეს, იმ კანონთან მიმართებით, რომელიც იმდენად ნათელი და ცალსახაა, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიდანაც ეს შანტაჟი და მუქარა მომდინარეობს

დავით მათიკაშვილი

პარტნიორები შანტაჟის ენით ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მით უმეტეს იმ კანონთან მიმართებით, რომელიც იმდენად ნათელი და ცალსახაა, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიდანაც ეს შანტაჟი და მუქარა მომდინარეობს, - ამის შესახებ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურების შეფასებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მუქარისა და შანტაჟის ელემენტებს ის მოცემულობაც შეიცავდა, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას, თითქოს, დამნაშავე პირის ციხეში ყოფნა ქვეყნის ევროპული გაზისგან აცდენას გულისხმობდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც ვნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიციიდან გამომდინარე, არ შევუერთდით სანქციებს, არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამასაც ანალოგიურად მოჰყვა აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია. არაადეკვატური იმიტომ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას გვთხოვდნენ. ეს ყველაფერი დასრულდა ისე, რომ პირველ რიგში სრულიად უსამართლოდ არ მისცეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ერთ წელიწადში ქვეყანამ ღირსეულად მიიღო ეს სტატუსი. ახლაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პარტნიორები შანტაჟის ენით ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მით უმეტეს იმ კანონთან მიმართებით, რომელიც იმდენად ნათელი და ცალსახაა, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიდანაც ეს შანტაჟი და მუქარა მომდინარეობს. ამ მიმართულებით თავდასხმები ნამდვილად კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა კანონთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით რეაქციაზე.

„ქვეყნის რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოსექტორი“ არის ერთი მთლიანობა, ერთი ხელით მართული სისტემა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სურს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და „ენჯეოსექტორის“ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით დადგენა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.