"არ ვაპირებ ამასთან შეგუებას" - ელენე ხოშტარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გათავისუფლებულ ადამიანებს დახმარებას სთავაზობს

ელენე ხოშტარია

"ის, რაც მუზეუმში და ზოგადად, ხელოვნების სფეროში ხდება, სცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს. ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში. თანამშრომლებს ნებისმიერი "ფეისბუქ" პოსტის, პეტიციის ხელმოწერის თუ სადმე სამზარეულოში გამოთქმული აზრის გამო აგდებენ. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინლად ექცევიან, არანაკლებ საშინლად გვექცევიან ჩვენ, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვისინჯავენ შემგუებლობას კონფორმიზმზე",- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

"მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას: 
1. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას.
2. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ, ვიმუშაოთ და ეს საქმე გავიტანოთ გარეთ შესაბამის ინსტიტუტებში.
3. ყველა მსურველს ვთავაზობ შეხვედრას (კოვიდიდან გამომდინარე ზუმ შეხვედრა, დროს მოგაწვდით) 
4. დავორგანიზდეთ და გავაპროტესტოთ!
დიდი მადლობა ეკა კიკნაძეს, რომელიც ორგანიზებულად და აქტიურად იბრძვის. მას თანადგომა სჭირდება.
მომწერეთ აქ, ინბოქსში,  ყველა მსურველმა, ვისაც ეს ამბავი აწუხებს",- წერს ხოშტარია. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სააგენტოში დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყო. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საშტატო განრიგი. 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.