7 წლის ქირურგი და 3 წლის მევიოლინე - მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ბავშვები

ჭკვიანი ბავშვები

გრეგ სმიტი, აკრიტ იასვალი, აკიმ კამარა, - ეს იმ უნიკალური ბავშვების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გონებრივმა შესაძლებლობებმა, ინტელექტმა და ნიჭმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. კაცობრიობამ ისინი თანამედროვეობის ნამდვილ გენიოსებად აღიარა. ვუნდერკინდების ადრეულ ასაკში მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სამყაროს სწორედ ჭკვიანი ადამიანები გადაარჩენენ.

გრეგ სმიტი

გრეგ სმიტი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდაა, რომელსაც მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული. 18 თვის იყო, როცა მათემატიკურ ამოცანებს უპრობლემოდ უმკლავდებოდა, 2 წლისა კი ლიტერატურულ შედევრებს ეცნობოდა. პატარა გენიოსმა სკოლა 9 წლის ასაკში წარჩინებით დაასრულა და სწავლა ვირჯინიის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო.

„არ ვიცი რატომ ამირჩია ღმერთმა მე და რატომ დამაჯილდოვა განსაკუთრებული ნიჭით. მაგრამ მინდა ეს საჩუქარი სხვების დასახმარებლად გამოვიყენო . მინდა ჩემი ენერგია მოვახმარო იმას, რომ სამყაროში მშვიდობა სუფევდეს და მსოფლიო უკეთეს ადგილად ვაქციო“,- ამბობს გრეგი. 

გრეგი აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ პროექტებში, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ეცნობა ადამიანების პრობლემებს და იცავს ბავშვთა უფლებებს. ის არის ამერიკის ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის დამფუძნებელი. გრეგორი არაერთხელ გამოსულა სიტყვით გაეროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე, მისით დაინტერესებულან ისეთი ცნობილი ლიდერები, როგორებიც ბილ კლინტონი და მიხეილ გორბაჩოვი არიან. გაწეული საქმიანობის გამო პატარა გენიოსი ნობელის პრემიაზე პირველად 13 წლის ასაკში წარადგინეს. ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე გრეგი საერთო ჯამში 4-ჯერ იყო ნომინირებული.

ახლა ის 32 წლისაა და აიკანის მედიცინის სკოლაში პოსტდოქტორანტი მკვლევარია. ამჯერად გრეგი გენეტიკური საკითხებითაა  დაინტერესებული.

აკრიტ იასვალი 

აკრიტ იასვალი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 7 წლის ასაკში თავისი პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა. პაციენტი მეზობელი 8 წლის გოგონა იყო, რომელიც ხელის დამწვრობით იტანჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ხელსაწყოები არ ჰქონდა, აკრიტმა გოგონას თითები ერთმანეთისგან განაცალკევა და ხელი შეუნარჩუნა. 12 წლის ასაკში ის სასწავლებლად ჩანდიგარის უნივერსიტეტმა მიიწვია. 17 წლის ასაკში კი ქიმიის დარგში მაგისტრის ხარისხი დაიმსახურა. მისი IQ 146-ია.

ამჯერად გენიოსი წამყვან მეცნიერებთან ერთად ისეთი პრეპარატის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ადამიანებს კიბოს დამარცხებაში დაეხმარებათ.

„მედიცინამ 5 წლის ასაკში გამიტაცა. აქტიურად ვკითხულობდი სამედიცინო ლიტერატურას და საკუთარი ბიბლიოთეკაც კი შევქმენი. მას შემდეგ მინდა ისეთი პრეპარატი შევქმნა, რომელიც ადამიანებს კიბოს დამარცხებაში დაეხმარება“,- აღნიშნავს აკრიტი. 

აკიმ კამარა

აკიმ კამარა გერმანელი მევიოლინეა. ინსტრუმენტზე დაკვრა 2 წლის ასაკში, მანამდე დაიწყო, სანამ ლაპარაკს ისწავლიდა. როგორც მოგვიანებით გენიოსმა ინტერვიუში აღნიშნა, ის მუსიკაც კი ახსოვს, რომელიც ჯერ კიდევ საფენებში გახვეულს ესმოდა. აბსოლუტური სმენა აკიმს მასწავლებელმა აღმოუაჩინა და მუსიკის გაკვეთილებს გაძლიერებულად უტარებდა. სამი წლის ასაკში აკიმმა პირველი კონცერტი გამართა.

აელიტა ანდრე

აელიტა ანდრეს კი ხშირად ახალგაზრდა პაბლო პიკასოს ეძახიან. აბსტრაქციონიზმმა გოგონა ბავშვობიდანვე გაიტაცა. 9 თვისა უკვე სერიოზულ ნამუშევრებს ქმნიდა და გარშემომყოფებსაც ხშირად აოცებდა. საკუთარი შემოქმედება მსოფლიოს პირველად 2 წლის ასაკში წარუდგინა. მალევე კი პატარა მხატვარმა პერსონალური გამოფენაც მოაწყო, რომელსაც „ფერების საოცრება“ უწოდა. ნახატებით აღფრთოვანებულმა საზოგადოებამ აელიტას 24 ნამუშევარი შეისყიდა. მათი საერთო ღირებულება 10 000 დოლარს აღწევდა.  2020 წელს აელიტა მსოფლიოს 100 ყველაზე ნიჭიერ ბავშვს შორის მოხვდა.  როგორც თავად ამბობს ხატვა ის საქმეა, რომელიც უნდა მთელი ცხოვრება აკეთოს.

„ყველაზე თავისუფლად თავს ხატვის დროს ვგრძნობ. როცა ფუნჯს ვიღებ თითქმის არასდროს ვიცი საბოლოოდ რა გამომივა, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ რაიმე კარგს და სასიამოვნო შევქმნი. როცა გავიზრდები მინდა მხატვარი ვიყო, მინდა ვხატო წლები, საუკუნეები, ვხატო ერთ სტილში. რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, მინდა ყოველთვის მხატვრად დავრჩე“,- ამბობს აელიტა.