მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, რაც საქართველოს ნამდვილად წარმოაჩენს, როგორც ლიდერ ქვეყანას ჩვენს რეგიონში - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, რაც საქართველოს ნამდვილად წარმოაჩენს, როგორც ლიდერ ქვეყანას ჩვენს რეგიონში, -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს.

„სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრმა დელეგაციამ, ბევრმა ლიდერმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ეს პლატფორმა საქართველომ გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები გაგვეჟღერებინა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს, რასაც სთავაზობს გლობალურად სამყაროს იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ის მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს, უნდა იყოს გაჟღერებული და ყველას უნდა გვქონდეს ინფორმაცია, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს. სწორედ ამისთვის იქნა ეს პლატფორმა გამოყენებული. პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, რაც საქართველოს ნამდვილად წარმოაჩენს, როგორც ლიდერ ქვეყანას ჩვენს რეგიონში და სხვადასხვა მიმართულებით ხდის მიმზიდველს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, -  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.