ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ მძიმე საგადასახადო თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ფრანგული მედია

ჟერარ დეპარდიე

ფრანგული მედიის ცნობით, 76 წლის ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ მძიმე საგადასახადო თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი 2013 წლიდან ბელგიაში კერძო საკუთრებას (საცხოვრებელ სახლს) ფლობს, რომელიც დეპარდიეს მის მიერ შევსებულ დეკლარაციებში არასდროს აღურიცხავს.

დეპარდიეს საგადასახადო თაღლითობის საქმეზე საფინანსო პოლიციამ გამოძიება თებერვლის თვეში დაიწყო - რის ფარგლებშიც საფრანგეთსა და ბელგიის მასშტაბით რეიდები ჩატარდა.

ცნობისთვის, მსახიობმა 2012 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უარს ამბობდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და ბელგიაში აპირებდა "გადაცხოვრებას" - დეპარდიემ მალევე მოიპოვა რუსეთისა და ბელგიის მოქალაქეობა, სადაც 1.2 მილიონი ევროს მქონე საბაზრო ღირებულების კერძო საკუთრება შეიძინა, საფრანგეთის საზღვართან ახლოს

საფინანსო პროკურატურა დეპარდიეს ასევე სდებს ბრალს მისი შემოსავლის არადეკლარირებაშიც.

ცნობისთვის, საფინანსო თაღლითობის პარალელურად, ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ათობით ქალი სდებს ბრალს - მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს, ფილმ "დისკოზე" მუშაობდა.

ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს შორისაა მსახიობი შარლოტ არნო, რომლის თქმით, ჟერარ დეპარდიემ 2018 წელს ის ორჯერ გააუპატიურა. თავად ჟერარ დეპარდიემ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ბრალდებები სრულად უარყო.

2023 წლის 15 დეკემბერს ფრანგი მსახიობი ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მაშველებმა ქალი ვერ გადაარჩინეს. მსახიობმა თავი იმ დღეს მოიკლა, როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში გადიოდა საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტი ჟერარ დეპარდიეს შესახებ.

ემანუელ დებევერი ჟერარ დეპარდიესთან ერთად 1982 წლის ფრანგულ ფილმ "დანტონში" მონაწილეობდა, რომლის გადაღებებისას, დებევერის მტკიცებით, ჟერარ დეპარდიემ ის სექსუალურად შეავიწროვა.

2019 წელს დებევერმა გაიხსენა, რომ ფილმ "დანტონის" გადაღებისას ჟერარ დეპარდიე სარგებლობდა გადასაღებ მოედანზე მასთან ფიზიკური სიახლოვით და ერთ-ერთ სცენაში, სადაც ისინი ეტლით მგზავრობენ, დეპარდიემ ხელი მას კაბაში შეუცურა, რასაც ქალი ეწინააღმდეგებოდა.

თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს.