„არასდროს გაასესხოთ 200 ლარი...“ - თუ გინდათ, რომ მუდამ გქონდეთ ფული – ეს რჩევები დაგეხმარებათ
1741969922
ასაკის მატების პარალელურად ადამიანის ტვინიც ბერდება, მაგრამ როდის ჩნდება პირველი ნიშნები? ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს.
19 300 ადამიანის ტვინის სკანირების შედეგად მათ დაადგინეს, რომ კოგნიტიური ცვლილებები საშუალოდ 44 წლის ასაკში იწყება. ამის მიუხედავად, ეს პროცესი ყველაზე მეტად მოგვიანებით ჩქარდება, 67 წლის ასაკში. 90 წლამდე კი ნეირონების ფუნქციის შესუსტების ტემპი აღარ იმატებს და ერთ დონეზე რჩება.
მკვლევრები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს მიგნება კრიტიკულ დროს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების გზების მოძიებაში დაგვეხმაროს. მათი ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
ავტორებმა გამოავლინეს ის პოტენციური უმთავრესი ფაქტორიც, რომელიც შესაძლოა, ტვინის ამგვარ დაბერებას განაპირობებდეს: ნეირონული ინსულინრეზისტენტობა. ამ ვარაუდის მიხედვით, ტვინის დაბერებისას ნერვულ უჯრედებზე ინსულინის გავლენა მცირდება, ანუ ენერგიის გამოსამუშავებლად ნაკლები გლუკოზა გამოიყენება. ეს კი ნეირონების სიგნალების დარღვევას იწვევს.
ამ დასკვნამდე მეცნიერები გენეტიკური ანალიზით მივიდნენ. მათ ტვინში არსებული, გლუკოზის შთამნთქმელი ცილა GLUT4 და ცხიმების გადამტანი ცილა APOE ტვინის ფუნქციის შესუსტებასთან დააკავშირეს. თუკი როგორმე ნეირონების ენერგიის წყაროს აღდგენას ან ჩანაცვლებას დროულად შევძლებთ, არაა გამორიცხული, რომ უმნიშვნელოვანესი ორგანოს დაბერება შევანელოთ და ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდიც შევიმუშაოთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხნიერ ასაკში უკვე სხვა ფიზიოლოგიური ეფექტების მთელი ჯაჭვი ჩნდება, ამიტომ ჩარევა შეძლებისდაგვარად ადრეულ სტადიაზე უნდა მოესწროს.
ეს ჰიპოთეზა 101 ადამიანზე გამოცადეს, რომელთაც ორგანული ნაერთი კეტონი დანამატის სახით მისცეს. ამან ტვინის უჯრედებში ინსულინის მიმართ მგრძნობელობა გაზარდა და მეტაბოლური ზიანი შეამცირა. შედეგად, ნეირონების დეგრადაციის დასტაბილურება ყველაზე მეტად 40-59 წლის ინდივიდებში დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დროული მკურნალობა მნიშვნელოვანია და ამისთვის სიმპტომების გამოჩენას არ უნდა დაველოდოთ.