უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია - მაიკ ჯონსონი

მაიკ ჯონსონი

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, დახმარების შეჩერება უკავშირდება გასულ პარასკევს, თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს.

„ეს არის დროებითი პაუზა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა „გამოასწოროს ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, შოკის მომგვრელი მოვლენები ოვალურ კაბინეტში“.

„ის თუ ამას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს იქნება მომგებიანი სცენარი ყველა ჩართული მხარისთვის. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო შეთანხმება, რაც შეიძლება, იყოს შეთავაზებული, ამ შეთანხმებას შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, ამიტომ მოვუწოდებ ზელენსკის, გააკეთოს ეს“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ „ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ამ შეთანხმების დადება“.