1740914281
დედა ბავშვს 3 წელი საწოლის უჯრაში მალავდა, ოჯახს კი ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა - ქალს პატიმრობა მიუსაჯეს

ინგლისში დედა ბავშვს უჯრაში მალავდა, ოჯახს კი წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სახლში ბავშვი იყო. ამ გახმაურებული ამბის შესახებ უცხოურმა მედიამაც დაწერა.
ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო. ორსულობა მძიმე ტვირთად იქცა ლორასთვის - ბავშვის მამასთან მის დაბადებამდე გაუფუჭდა ურთიერთობა და მან ვერც კი გაიგო, რომ შვილი გაუჩნდა.
საიდუმლოს ლორა წარმატებით ინახავდა. თავის საძინებელში, საწოლის ქვეშ თეთრეულის უჯრაში მალავდა ბავშვს. როცა არავინ იყო შინ, მაშინ აჭმევდა მშრალ საკვებს და სწრაფ საუზმეებს.
„ბავშვი უჯრაში ჰყავდათ დატყვევებული, არ ასეირნებდნენ, არ აძლევდნენ ვინმესთან ურთიერთობის საშუალებას, არ ზრუნავდნენ მის სოციალიზაციაზე, არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ", - განაცხადა სასამართლოზე პროკურატურის წარმომადგენელმა.
საიდუმლო შემთხვევით გამოვლინდა. ლორას ახალი ბოიფრენდი ჰყავდა, რომელსაც ასევე უმალავდა ამ ამბავს. ერთხელაც, როცა შინ სხვა არავინ იყო, საპირფარეშოდან საძინებლისკენ მიმავალ კაცს ხმები მოესმა. როცა მიუახლოვდა, ხმები საწოლიდან მოდიოდა. უჯრა გამოსწია და თვალებს არ დაუჯერა, როცა იქ პატარა ბავშვი დაინახა. ერთი შეხედვით 7 თვისას ჰგავდა, თუმცა სინამდვილეში 3 წლის აღმოჩნდა.
ადგილზე უცებ გაჩნდნენ ექიმები, პოლიციელები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები. თავიანთ ანგარიშებში მათ ასე აღწერეს ნანახი: "აწეწილი, აბურდული თმით, დეფორმაციებით, გამონაყარით, კურდღლის ტუჩით და სხვა სამედიცინო პრობლემებით". გოგონა მაშინვე გადაიყვანეს კლინიკაში და დღესაც რეაბილიტაციას გადის.
როცა ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა, აღმოჩნდა, რომ მას სახელიც კი არ ჰქონდა. დედა თავსაც არ იმართლებდა, უბრალოდ იმეორებდა, რომ ეს გოგონა არ არის მისი ოჯახის წევრი. ამდენი წლის განმავლობაში, მას არავითარი თბილი გრძნობა, როგორც დედას, არ გასჩენია.
ლორას 7,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.