20 წლის ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში უვადო პატიმრობამისჯილი კაცი თავის გამართლებას გეგმავს, ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობის ახალი დეტალები

კაცს, რომელმაც 6 თვის შვილს დედა და გამზრდელი ბებია მოუკლა, 2 ინსტანციის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ის გიორგი ფირაშვილია, რომელიც ახლა თავის გამართლებას უზენაეს სასამართლოში შეეცდება. სასტიკი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ოჯახი ობლად დარჩენილ ბიჭზე მეურვეობისთვის იბრძვის, ბავშვზე, რომელსაც, დედის მკვლელობის შემდეგ, დეიდა ზრდის.

ეს შემზარავი ისტორია რუსთავის ცენტრში, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

2024 წლის 22 მაისის დილა - ჩვილ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ამ დროს დედა და მამა უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარმა ბავშვი ექიმთან წაიყვანა. მათთან ერთად იყო, დედის მხრიდან, ბავშვის ბებია. კადრებში, რომელიც საქმის მასალებში იძებნება, კლინიკაში მათი შესვლა ჩანს.

ექიმის დანიშნულების შემდეგ, ისინი შენობას ტოვებენ. ირკვევა, რომ მამა, გიორგი ფირაშვილი იქვე გაჩერებული ავტომობილისკენ მიდის.

დედამ, მარიამ სოფრომაძემ და ბებიამ, ინგა ბეგაშვილმა 6 თვის ბიჭი სკვერში ეტლით წაიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთში, მათ უკნიდან სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ფირაშვილი მიეპარა და სროლა დაიწყო.

სავარაუდოდ, დედის ინსტინქტმა სასიკვდილო დაჭრილ 20 წლის მარიამს შეაძლებინა, რომ ეტლი მოშორებით გაეგორებინა, ბავშვი უვნებელი გადარჩა. დედა და ბებია კი, მიწაზე უსიცოცხლოდ დაეცნენ. უმძიმესი კადრები, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, მომხდარიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული.

დამნაშავემ პოლიციაში თავად დარეკა, მაგრამ როგორც შემზარავი შემთხვევის თვითმხილველები იხსენებენ, ბავშვთან არც კი მისულა. სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა, ჩვილის დამშვიდება სკვერის დასუფთავების თანამშრომლებმა შეძლეს. თვითმხილველები "კურიერი პიესს" უყვებიან, რომ დამნაშავე შვილს ჩადენილი მკვლელობის შემდეგ არ მიახლოებია.

"კურიერი პიესმა" კიდევ ერთი ფოტო მოიპოვა. ტრაგედია ფოტოზე მთელი სიმძიმით ჩანს. ამ დროს დედა და ბებია გარდაცვლილები არიან, მამა კი დაკავებული.

გიორგი ფირაშვილმა სასამართლოში აღიარების პოზიცია დუმილით შეცვალა. მას უვადო პატიმრობა ჯერ რუსთავის სასამართლომ მიუსაჯა, განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ უმკაცრესი მსჯავრი ძალაში დატოვა. ეს იყო გარდაცვლილების ოჯახის მოთხოვნაც.

სახის გამოჩენა არ ისურვა, თუმცა "კურიერი P.S.-ს" პირველი ინტერვიუ მისცა მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მამამ. ის, პერიოდულად, შვილთან და რძალთან ერთად, ცხოვრობდა. პატიმრის მამა მომხდარის მოტივს ვერ ასახელებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ დაობლებულ შვილიშვილზე მეურვეობა სურს.

ბავშვი ახლა წლინახევრისაა. ის ისევ დედის ოჯახში ცხოვრობს, მცირეწლოვანის მეურვე კი დეიდაა. სამართლებრივი დავა მასსა და მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მამას შორის სამოქალაქო წესით მიმდინარეობს.

დაზარალებული ოჯახი ამ დრომდე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მედიასთან საუბარი არ სურს. "კურიერი პიესი" ოჯახის ადვოკატს შეხვდა.

სამოქალაქო დავა სასამართლოში რამდენიმე კვირაში განახლდება. ვინ იზრუნებს ბავშვზე - ეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.

დაიხურება თუ არა თავისუფლების კარი სამუდამოდ მამისთვის, რომელმაც საკუთარი შვილი მშობლების გარეშე დატოვა - ეს უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.