ტრამპის განცხადებით, ქვეყანას დიდი პრობლემები შეექმნება, თუ უზენაესი სასამართლო მას სამართლიანად არ მოეპყრობა

დონალ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანას დიდი პრობლემები შეექმნება, თუ უზენაესი სასამართლო მას სამართლიანად არ მოეპყრობა და არ გადაწყვეტს, რომ მას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში.

"უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივიღებთ სამართლიან მოპყრობას. იმიტომ, რომ თუ ეს არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დადგება. ყველას ესმის რას ვამბობ?", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

6 იანვარს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო დონალდ ტრამპის სარჩელი კოლორადოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას შტატის პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს.

საქმე, რომელმაც შეიძლება შეცვალოს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, 8 თებერვალს განიხილება.

4 იანვარს, დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს სთხოვა, გააუქმოს კოლორადოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას შტატის პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს.

19 დეკემბერს, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საკონსტიტუციო მუხლია, რომელიც თანამდებობის პირს ამბოხებაში მონაწილეობას უკრძალავს. მოტივი კი კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული შტურმია, რომლის დროსაც ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გაპროტესტება სცადეს.