ტარიფები სულელური საქმეა, აშშ-მა აირჩია სავაჭრო ომის დაწყება, რომელიც, პირველ რიგში, ზიანს აყენებს ამერიკელ ოჯახებს - ჯასტინ ტრუდო

ჯასტინ ტრუდო

ტარიფები სულელური საქმეა, აშშ-მა აირჩია სავაჭრო ომის დაწყება, რომელიც, პირველ რიგში, ზიანს აყენებს ამერიკელ ოჯახებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

კანადის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონმა თავისი დღის წესრიგის დივერსია აირჩია და დღეს ამ ტარიფების გამართლება ან საჭიროება არ არსებობს.

ტრუდოს განცხადებით, კანადელები გონიერი და თავაზიანი ხალხია, თუმცა ბრძოლიდან უკან არ დაიხევენ, როდესაც მოქალაქეების კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა. მისივე თქმით, კანადა დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები 21 დღეში შევა ძალაში.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის ქმედება არღვევს ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რის გამოც კანადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ტარიფებს გაასაჩივრებს.

„დღეს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სავაჭრო ომი კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად, ისინი საუბრობენ რუსეთთან დადებითად მუშაობაზე, ამშვიდებენ პუტინს, მატყუარა, მკვლელ დიქტატორს“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.