რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი სამეტყველო ენა?

ტომები

გიფიქრიათ, რომელია მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი სამეტყველო ენის მქონე ქვეყანა?

პასუხი პაპუა-ახალი გვინეაა, რომლის მოსახლეობაშიც დაახლოებით 840 ცოცხალი ენა გვხვდება. ეს მსოფლიო ენების 10%-ს უდრის. რაც ყველაზე გასაოცარია, ასეთი სიუხვე არის პოპულაციაში, რომელიც მხოლოდ 10 მილიონი ადამიანისგან შედგება.

პაპუა-ახალ გვინეაში სამი სახელმწიფო ენაა: ჰირი მოტუ, ტოკ პისინი და ინგლისური. ეს უკანასკნელი მთავარი ენაა, რადგან ქვეყანა ჯერ დიდი ბრიტანეთის, შემდეგ კი ავსტრალიის პროტექტორატს წარმოადგენდა. მან დამოუკიდებლობა 1975 წელს მოიპოვა.

ტოკ პისინი (პირდაპირ ითარგმნება, როგორც "ჩიტების საუბარი") ინგლისურზე დაფუძნებული კრეოლური ენაა. ის მელანეზიელ, მალაიზიელ და ჩინელ მუშათა ჯგუფებში ჩამოყალიბდა, როდესაც ისინი მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთში პლანტაციებში სამუშაოდ ჩავიდნენ. ტოკ პისინზე მთავარი გავლენა ინგლისურს აქვს, მაგრამ მასში აბორიგენთა და სხვა უცხო ენების ელემენტებიცაა.

ჰირი მოტუ ავსტრონეზიურ მოტუს ენასთანაა კავშირში, რომელზეც თავდაპირველად პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქ პორტ-მორზბის მიმდებარედ საუბრობდნენ. მასზე ინგლისურის გავლენა ნაკლებადაა და უფრო მეტად სწორედ ავსტრონეზიური ფესვები აქვს. მისგან განსხვავებით, ამ ენაში უფრო მარტივი გრამატიკა და ლექსიკონი გვხვდება, რათა ადამიანებს მარტივად ლაპარაკი შესძლებოდათ.

პაპუა-ახალი გვინეის ასობით ენა ქვეყნის ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას შეესაბამება, რომელსაც ამ საუკუნეშიც ინარჩუნებს. ქვეყანა მრავალი კუნძულისგან შედგება, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ წყნარ ოკეანეშია განლაგებული, ავსტრალიის ჩრდილოეთით.

მისი ტერიტორია მთებსა და ჯუნგლებს მოიცავს, რამაც ერთმანეთისგან იზოლირებული აბორიგენული ჯგუფების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ისინი სამეურნეო კულტურის განვითარების მიუხედავადაც კი არ გაერთიანებულან და საკუთარი იდენტობა ამ დრომდე შეინარჩუნეს.

საინტერესოა, რომ ამ ყველაფერმა პოპულაციაში გასაოცარი გენეტიკური მრავალფეროვნება გამოიწვია, რომელიც მთლიანი ევროპისას ან აღმოსავლეთ აზიისასაც კი აღემატება. მთიან ადგილებსა და დაბლობებში მცხოვრებ ადამიანებში მეცნიერებმა გამოავლინეს გენეტიკური სხვაობა, რომელიც 10 000-20 000 წლის წინ იღებს სათავეს. მაშასადამე, პაპუა-ახალი გვინეა არა მხოლოდ ენების სიუხვით, არამედ გენეტიკური და კულტურული მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია.

წყარო