"სახელმწიფო ედავება ამ 8 პირს, რომ ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად სცადეს სავალ გზაზე გადასვლა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა საავტომობილო მოძრაობა" - ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი

ამ წუთებში მიმდინარეობს აქციის დროს დაკავებული 8 პირისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები - იზოლატორებში შესული არიან ადვოკატებიც.

ბრალის შინაარსი ასეთია - ჯგუფურად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირების მცდელობა - ეს დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“მაღალი ალბათობაა, რომ დღესვე ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ასე დილიდან მაგიტომ იწყებს საგამოძიებო ორგანო ბრალის წარდგენის პროცედურას და დღესვე მიმართონ სასამართლოს და დღესვე სასამართლომ მოასწროს პროცესის ჩატარება. ეს ბრალი არის ისეთი აბსურდული, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ამ თვეების განმავლობაში ათეულობით ადამიანი არის მსგავსი აბსურდული სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით დაკავებული“, - აცხადებს გიგი უგულავას ადვოკატი, ირაკლი აბესაძე.

თბილისი მოლის მიმდებარედ დაკავებულების ნაწილს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს რომ ედავება, გუშინ გახდა ცნობილი - აღნიშნულ 8 პირს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი.

"სახელმწიფო ედავება ამ 8 პირს, რომ ჯგუფურად სხვა პირებთან ერთად სცადეს სავალ გზაზე გადასვლა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა საავტომობილო მოძრაობა. უფრო სწორედ, წერია, რომ შეაფერხა კიდეც. ვიდეოჩანაწერების თანახმად, აღნიშნული არ დასტურდება - ეს ერთი, მეორე, რომც დასტურდებოდეს დაცვის მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნული კანონი არის არაკონსტიტუციური, არ მომხდარა მისი სათანადოდ გაცნობა მოქალაქეებისთვის", - აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

ირაკლი წიგნაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ 8 დაკავებულთაგან რაიმე განსხვავებული ქმედება არცერთისგან არ შეინიშნებოდა.

"გადმოგვეცემა საქმის მასალები და მხოლოდ მას შემდეგ გვექნება იმაზე საუბრის შესაძლებლობა, რით განსხვავდება თუ არ განსხვავდება. შესაძლოა, განსხვავდებოდეს იმიტომ, რომ ჩვენ რაც ვიხილეთ მასალები, ვფიქრობ, რომ რამე განსხვავებული ქმედება არცერთისგან არ შეინიშნება“, - აცხადებს ირაკლი წიგნაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა.