„მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა... რაც უფრო აგვიანებს მთავარი მიწისძვრა, მით უფრო ძლიერი შეიძლება იყოს ის“ - ბოლო ცნობები საბერძნეთიდან

სანტორინი

სანტორინზე მიმდინარე მოვლენები მთელი საბერძნეთის ყურადღების ეპიცენტრშია.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა და ათენისკენ გაემართა, რადგან შიშის გამო სახლებში დარჩენა არ შეუძლიათ. ექსპერტები ყველანაირ სცენარს ღიას ტოვებენ და ეფთიმიოს ლეკასის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება ძირითადი მიწისძვრის მოხდენა, მით უფრო იზრდება შანსი, რომ ის უფრო ძლიერი იყოს.

ყველაზე უარესი სცენარი, ალბათ, არის, რომ მოხდეს 6 ბალიანი მიწისძვრა, მაგრამ არც გარანტიები არსებობს, რომ ნამდვილად ასეთი ძლიერი იქნება.

„სანტორინის მკვიდრები არ უნდა იყვნენ პანიკაში, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მიზეზი, რომ გავიქცეთ, არ გვაქვს. უბრალოდ, ემოციურად რთულია, როდესაც ბიძგები გაუჩერებლად გვაქვს და გასაგებია ხალხის აღელვება. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ვადგენთ სეისმურ ხარვეზებს,“ - აცხადებს ლეკასი.

სანტორინისა და ამორგოს ტერიტორია იანვრიდან მოყოლებული აქტიურია სეისმურად, თუმცა, ბოლო სამი დღის მანძილზე ბიძგების ძალა უკიდურესად დიდია.