1738742328
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა - რა ხდება ცნობილი
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა.
დოკუმენტში წარმოდგენილია Embraer 190-ის ავიაკატასტროფის გამოძიების შუალედური შედეგები, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.
53-გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, თვითმფრინავის დაჯდომისას, დაფიქსირდა ორი დარტყმა რამდენიმე წამიანი შუალედით. ამის შედეგად, ჩაირთო ავტოპილოტის გამორთვის განგაში, ხოლო ერთ-ერთი ჰიდრავლიკური სისტემის წნევამ და სითხის დონემ ნულს მიაღწია.
„დარჩენილი ფრაგმენტების საწყისმა დათვალიერებამ გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაზიანება ფიუზელაჟის კუდის ნაწილში, კილზე, სტაბილიზატორზე, სიმაღლისა და მიმართულების საჭეებზე. მსგავსი დაზიანებები აღმოჩნდა თვითმფრინავის მარცხენა ძრავზე, მარცხენა ფრთაზე და სხვა კომპონენტებზე. ზოგიერთი დაზიანება სწორი მართკუთხა ფორმისაა,“ - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავზე არსებული ხვრელები „გარე ობიექტების შეღწევაზე“ მიუთითებს. გამოძიების კომისიამ ასევე ამოიღო დიდი რაოდენობით უცხო ობიექტი, რომლებიც თვითმფრინავის დაზიანებულ, თუმცა კონსტრუქციულად ჩაკეტილ ნაწილებში იყო ჩარჩენილი. ეს ობიექტები დამატებითი სასამართლო ექსპერტიზისთვის გადაიგზავნა. დოკუმენტში გამოქვეყნებულია ამოღებული უცხო მეტალის ობიექტების ფოტოებიც.